ჭიათურასა და თერჯოლაში "ქართული ოცნების" წევრებმა პარტია და თანამდებობები დატოვეს
ჭიათურასა და თერჯოლაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა თანამდებობა და პარტია დატოვეს. მათ ეს გადაწყვეტილება იმ პარლამენტარების მხარდასაჭერად მიიღეს, რომელთაც „ქართული ოცნება“ ცოტა ხნის წინ დატოვეს.
თანამდებობა და პარტია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ ხოლო თერჯოლის საკრებულოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ომარ ჯიხვაშვილმა დატოვეს.
„ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა ჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი.
დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის. იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო“, - ნათქვამია ნიკა სამხარაძის განცხადებაში.
თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობიდან გადამდგარი ომარ ჯიხვაშვილი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ „როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება“.
„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების - ყველას გვახსოვს ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს სცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.
თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, - წერია ჯიხვაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართული ოცნებნის წევრებმა პარტია და თანამდებობები დატოვეს ასევე ლაგოდეხსა და ახალციხეში.
ავტორი: ნიუპრესი