ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელთა ნაწილთან კომპანიამ შეთანხმებას მიაღწია
ჭიათურაში შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია და ორშაბათიდან გაფიცული მაღაროელებიდან "ჯი ემ ტექნიკა" სერვისის თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, დანარჩენ გაფიცულებთან გრძელდება მოლაპარაკებები.
"შპს ,,ჯორჯიან მანგანეზი'' 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას და დასაქმებულთა ანაზღაურება 250 ლარით გაიზრდება, ასევე მიიღებენ ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით და მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას. შეთავაზებას დასაქმებულთა დაახლოებით 70% დათანხმდა, ნაწილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. აღნიშნულ მაღაროებში დასაქმებულების თქმით, ისინი მუშაობას განაახლებენ" -ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მაღაროელები ხელფასების მატების მოთხოვნით 3 დღის წინ გაიფიცნენ. გაფიცულებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორისმედიატორობა ქალაქის მერმა იკისრა.
ავტორი: ნიუპრესი