|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ქარხანა აშენდება

შპს. „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში მანგანუმის მადნის ახალ გამამდიდრებელ ქარხანას აშენებს.

ქარხანა თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისათვის „ჯორჯიან მანგანეზმა“ ქარხნისთვის ახალი დანადგარები გერმანული კომპანია „ოლ მინერალისგან“ შეიძინა. მხოლოდ ქარხნისთვის გამოყოფილი ინვესტიციის მოცულობა 20 მილიონი დოლარია. საწარმო 3, 4 ჰექტარზე გაშენდება.

კომპანიის ცნობით, ქარხანაში „ჯორჯიან მანგანეზის“ 250-მდე თანამშრომელი დასაქმდება.

„ჭიათურაში მადნის ახალი გამამდიდრებელი ქარხნის მშენებლობა ეკოლოგიურ პრობლემებს გადაჭრის და მდინარე ყვირილას დაბინძურებისგან დაიცავს.

დღეს არსებულ პრაქტიკის მიხედვით, მადნის გამდიდრების შედეგად წარმოქმნილი დაბინძურებული წყალი შლამთან ერთად პირდაპირ ჩაედინება მდინარე ყვირილაში, რაც იწვევს მის დაბინძურებას.

ხსენებული პრობლემის გადაჭრა ხდება ახალი ქარხნის მშენებლობით, რომლის სამუშაო პროცესი დახურული ციკლით წარიმართება და საწარმოო პროცესს მდინარესთან შემხებლობა აღარ ექნება.

გარდა ამისა, ახალი ქარხანა კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მადანი კარიერიდან უდანაკარგოდ მოიპოვოს (90%-იანი მოპოვება)", - განმარტავენ კომპანიაში. მათივე ცნობით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ღურღუმელას ძველი შლამსაცავის რეაბილიტაციასაც გეგმავს. განახლდება ინფრასტრუქტურა და რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე მოხდება მადნის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი შლამების დასაწყობება.


ქარხნის მშენებლობას საფუძველი 2017 წლის სექტემბერში ჩაეყარა 2018 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.

bm.ge

 

ავტორი: ნიუპრესი