ჭიათურაში პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე პროცესში მთავრობა არ ჩაერთვება - მაღაროელები
ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო გამოსვლებს იმ დრომდე გააგრძელებენ, ვიდრე პროცესში მთავრობა არ ჩაერთვება - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მაღაროელმა დავით ჩინჩალაძემ bm.ge-ს განუცხადა.
ერთი კვირაა, რაც ჭიათურელები ქალაქის ცენტრში იკრიბებიან და „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას - თებერვლის ხელფასის დარიცხვას ითხოვენ. ისინი ასევე ცენტრალურ მთავრობასთან შეხვედრის მოთხოვნით გამოდიან.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ კომპანიამ თებერვლის ხელფასები არ დარიცხა, მათ კომუნალურებისა და საბანკო ვალდებულებების გადახდის პრობლემა დაუდგათ დღის წესრიგში. მაღაროელის თქმით, კომუნალურების საკითხში ადგილობრივმა მერიამ მათ ენერგოკომპანიებთან უშუამდგომლა.
ცნობისთვის, 5 მარტს "ჯორჯიან მანგანეზმა" Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა დოკუმენტი "ჭიათურის კრიზისის ქრონოლოგია", რომლის დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ 2025 წლის თებერვალში კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 60% ვეღარ გადაუხადა. "ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების თვითღირებულების მუდმივმა ზრდამ და ხელფასების მატებამ კომპანია უკიდურეს კრიზისამდე მიიყვანა. წაგებიან კომპანიას ბანკებმა დამატებითი სესხების გაცემაზე უკვე უარი უთხრეს", - ნათქვამია დოკუმენტში.
ავტორი: ნიუპრესი