ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობას აანონსებენ
ჭიათურელი მაღაროელები 19 ივნისიდან შიმშილობას აანონსებენ – მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული 4 მაღაროელის გათავისუფლებაა.
როგორც მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ გუშინ ჭიათურაში გამართულ აქციაზე განაცხადა, მათ დაპირდნენ, რომ დაკავებულებს არაუგვიანეს 19 ივნისისა გაათავისუფლებდნენ, ამიტომაც შეწყვიტეს შიმშილობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოატყუეს.
„19 ივნისი იქნება სიმბოლური თარიღი, რადგან სწორედ ამ დღეს უნდა გამოეშვათ ჩვენი თანამებრძოლები გირაოთი ან სხვა დათქმებით და ახლაც არის შანსი, თუ იქნება კეთილი ნება, მთელი ბერკეტები მათ ხელშია. თუ არ გამოუშვებენ, ჩვენ ვაპირებთ, რომ ისევ დავსხდეთ და დავიწყოთ უვადო შიმშილობა. ეს მოხდება 19 ივნისიდან და ვისაც აქვს სურვილი, რომ გამოგყვეს ამ ბრძოლაში, ეს შიმშილობა არც დროში და არც ხალხის რაოდენობაში არ იქნება შეზღუდული“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
შეგახსენებთ, მაღაროელები მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სასამართლო პროცესი 12 ივნისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მაღაროელები პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სხდომა 17 ივლისს ჩატარდება.
რაც სეეხება პირობას, 21 მაისს მაღაროელებმა გაავრცელეს ვიდეომიმართვა, რომელშიც განმარტავენ, რომ შეწყვიტეს შიმშილობა რადგან „სანდო წყაროსგან“ მიიღეს ინფორმაცია, რომ მათი ეს ნაბიჯი 4 დაკავებულის თავისუფლებას წაადგება და ისინი მალე ოჯახებს დაუბრუნდებიან.
ავტორი: ნიუპრესი