|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურის საბაგიროს ქსელი "ევროპა ნოსტრას" ფინალისტთა სიაშია

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელი „განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის“  12 ფინალისტს ძეგლს შორის მოხვდა.

12 ძეგლის წინასწარი ნუსხა "ევროპა ნოსტრას" ექსპერტთა ჯგუფის მიერ შედგა. საქართველოდან ამ ნუსხაში ასევე დავით გარეჯის კომპლექსი მოხვდა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის საბოლოო სია მარტში გამოვლინდება.

ორგანიზაცია მიზნად ისახავს განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დაჩქარებას. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა უნიკალურ საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალურ ნუსხაში შეტანით, საერთაშორისო საზოგადოებამ ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა, რაც უპრეცენდენტო მოვლენაა საქართველოს ინდუსტრიულ ძეგლებთან მიმართებაში. რაც შეეხება დავით გარეჯს, როგორც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ძეგლი, 2017 წლიდან, იგი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარულ ნუსხაში ირიცხება.

 სამთო-მოპოვების ქალაქი ჭიათურა,  მისი უნიკალური კონცეფციითა და განხორციელებით, ინდუსტრიალიზაციის მსოფლიო ისტორიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ქალაქის დაარსებას საფუძველი დაუდო გერმანელი გეოლოგის ვილჰელმ ფონაბიხის მიერ ჭიათურის მიდამოებში მე-19 საუკუნეში მანგანუმის მადნის აღმოჩენამ. დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლადის წარმოების განვითარებამ  ჭიათურის მანგანუმზე მაღალ მოთხოვნასა და ექსპორტის ზრდას შეუწყო ხელი.  შედეგად, 1913 წლისათვის, ჭიათურის მანგანუმი  მსოფლიო  მიწოდების 50%-ს  შეადგენდა.

 

ჭიათურაში სამთო-მოპოვების ინდუსტრიის ბუმმა განაპირობა  სამრეწველო და სამგზავრო საჰაერო საბაგირო გზების ქსელის შექმნა. საბაგირო გზების ქართული საინჟინრო სკოლის განვითარება ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ევროპულ ტენდენციებს, რამაც, გამოცდილების ინტენსიური გაზიარებით, ჭიათურა საბაგირო გზების მშენებლობის რეგიონულ სამეცნიერო კერად აქცია.

 

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზების სისტემა  18 სამგზავრო და 27  სატვირთო საბაგირო გზას მოიცავს. სადგურები მდინარის ხეობაშია მიმოფანტული და მას პლატოზე განლაგებულ უბნებთან აკავშირებს. სისტემა გამორჩეულია არქიტექტურულის ტილებისა და საინჟინრო გადაწყვეტების მრავალფეროვნებით - აქ შეხვდებით, როგორც მცირე ფარდულებს, ასევე არქიტექტურის დახვეწილ ნიმუშებს, რომლებიც ქალაქის ურბანულ ორიენტირებს ქმნიან. საბაგიროების აბსოლუტური უმრავლესობა თავდაპირველი ტექნოლოგიური და არქიტექტურული კომპონენტებითაა შენარჩუნებული. საბაგირო სადგურები აგებულია სოციალისტური-რეალიზმის, მოდერნისტულ და ბრუტალისტურ სტილში. ჭიათურის ერთ-ერთ უძველეს სადგურს - „ქალაქი-პერევისა“ და სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მოვლა-პატრონობის ნაკლებობის გამო, სამგზავრო საბაგიროების დიდი ნაწილი დაზიანდა და, საბოლოოდ, დაიხურა. სამთო-მოპოვების ინდუსტრიის დაკნინების და ცუდი ფიზიკური მდგომარეობის გამო, დღეისათვის, სატვირთო საბაგიროების მხოლოდ მცირე ნაწილიღა ფუნქციონირებს. საბაგიროები ეკუთვნის და იმართება კერძო სამთო-მომპოვებელი-კომპანიის შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ.

 

უსაფრთხოების რისკების შესახებ გაფრთხილების გამო, თვითმმართველობის მიერ მართული ოთხი საბაგირო ხაზის მუშაობა შეჩერებულია. ამჟამად, მიმდინარეობს მათი თანამედროვე საბაგიროებით ჩანაცვლების სამუშაოები.  შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, შედარებით მცირე მასშტაბიან შეკეთებით და მოვლის სამუშაოებს ახორციელებს. სადგურებისა და ტექნოლოგიური კომპონენტების მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, საბაგიროების დახურვა და მიტოვება ტიპიური მიდგომაა. მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, მათი შეცვლა ნაკლებად ხდება.

 

ინდუსტრიული მემკვიდრეობის ამ მნიშვნელოვან ძეგლს, ადგილობრივი და ეროვნული ინსტიტუციები უჭერენ მხარს,  მათ შორის ნომინაციის წარმდგენელი - საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ  ჭიათურაში არაერთი კვლევა განხორციელდა მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ურბანული განვითარების მიმართულებით, ერთობლივი პროგრამის -  „თემების მიერ მართული ურბანული სტრატეგიები“ (COMUS, 2015-2017) და კიევის ინიციატივის რეგიონალური პროგრამის (2009-2011) ფარგლებში. აღნიშნული, ასევე მოიცავდა ჭიათურის ერთ-ერთი უძველესი საბაგირო გზის - „ქალაქი-პერევისას“ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. თუმცა, დაფინანსების ნაკლებობა ისევ პრობლემად რჩება, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის ჭიათურის საბაგირო გზების ქსელის მომავალს.

 

ავტორი: ნიუპრესი