|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს, რომ ავიაკომპანია  WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში.

უწყება  არ ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰაბ ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს  საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას, დესტაბილიზაციას და ვნებს და აზარალებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის ინტერესებს, არამედ უარყოფითად მოქმედებს ბიზნეს გარემოზე საქართველოში, ვნებს თითოეული მოქალაქის ინტერესებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ WizzAir-ის საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება WizzAir-ის საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, -წერია სამინსიტროს განცხადებაში. 

ამასთან, უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საავიაციო მიმოსვლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ”.  აღნიშნული შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, გამარტივებულია ქვეყნებს შორის საავიაციო ბაზარზე დაშვების პროცედურები, იგი ემყარება ლიბერალურ პრინციპებს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს შეზღუდვები ავიაკომპანიების რაოდენობაზე, ფრენის სიხშირეებზე, ტარიფებზე, საჰარო ხომალდის ტიპებზე და დანიშნულების პუნქტებზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელია შეუზღუდავად ევროკავშირსა და საქართველოს ნებისმიერ საერთაშორისო აეროპორტს შორის.

„შესაბამისად, ავიაკომპანია Wizz Air-სთვის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ევროპული ავიაკომპანიისათვის ფრენის განრიგების დამტკიცება ხორციელდება აღნიშნული შეთანხმების პირობების დაცვით და ყოველგვარი ბრალდება რამე სახის შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. 2005 წლიდან, საქართველო ატარებს საჰაერო მიმოსვლის ლიბერალურ პოლიტიკას, რისი შედეგიც არის კონკურენტული გარემო საავიაციო ბაზარზე, წლიდან წლამდე გაზრდილი მგზავრთნაკადი, მუდმივად მზარდი დაინტერესება ავიაკომპანიების მხრიდან დაიწყონ ოპერირება საქართველოს მიმართულებით და რაც მთავარია გადაადგილების გაზრდილი შესაძლებლობა და მეტი არჩევანი მგზავრისთვის. აღნიშნული ლიბერალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დღეისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ორი ქართული და ექვსი ევროპული ავიაკომპანია – ევროპის 16 ქვეყანაში 35 მიმართულებით.

რაც შეეხება ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-სთვის რუსეთის მიმართულებებზე სიხშირეების არ მინიჭების შესახებ, ეს ცნობაც სრული სიცრუეა.

მათი თქმით,  „ჰაბ ჯორჯია“ ხშირად მიმართავს დეზინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას, რითაც შეგნებულად შეცდომაში შეჰყავს ფართო საზოგადოება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი