წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს - ოპოზიცია
ოპოზიციის განცხადებით, ისინი სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ და არ აპირებენ ავტომატურად ეჭვქვეშ დააყენონ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, თუმცა წულაიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს, ვინაიდან ანალოგიური ბრალდებების დროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება.
"ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის, რაც მოქალაქეებმა ტვ. "პირველის" მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯარო გახდა ბევრი სხვა ანალოგიური ბრალდებაც. ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა - ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ. "პირველიდან" კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს, რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია. სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ, ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა", — ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.
მათი თქმით, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, თუ რამდენად საშიშია ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს ემსახურება და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს ამ ოჯახის წევრთა ხელში.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:
- გირჩი-მეტი თავისუფლება
- ევროპული საქართველო
- მოძრაობა დროა
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- ლეიბორისტული პარტია
- გამარჯვებული საქართველო
- ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
- ახალი ქრისტიან დემოკრატები
- სამართლიანობისთვის
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
- ევროპული დემოკრატები
- კანონი და სამართალი
- პროგრესი და თავისუფლება
- ქართული არჩევანი
- საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება
- ეროვნულ დემოკრატიული პარტია
- სახელმწიფო ხალხისათვის
- თავისუფალი საქართველო
- სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
- ქრისტიან კონსერვატული პარტია
- ემსახურე საქართველოს
ავტორი: ნიუპრესი