|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოს ერთ-ერთ ხიდს "ევროპის ხიდის" სახელი მიენიჭა

ევროპის დღის კამპანიის ფარგლებში წყალტუბოს  პარკში  ერთ-ერთ ხიდს "ევროპის ხიდის" სახელი მიენიჭა.

მუნიციპალიტეტის მერის თქმით, ეს ხიდი თითოეულ გამვლელს ევროპისკენ მისწრაფებას შეახსენებს.

"წყალტუბო უერთდება ამ დიდ აქციასა და რა თქმა უნდა, მისწრაფებას, რასაც ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა ჰქვია.  დღეიდან მწვანე ქალაქში ჩვენ გვექნება ევროპის სახელობის ხიდი, რომელიც თითოეულ გამვლელს შეახსენებს ევროპისაკენ  ჩვენს ყოველდღიურ მისწრაფებას, რომელიც მჯერა, ჩვენი ამ ოჯახში ინტეგრაციით დაგვირგვინდება" - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

ევროპის დღის ფარგლებში ტურიზმის განვითარების ცენტრში უვიზო მიმოსვლასთან, მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით საჯარო ლექციაც გაიმართა.

 ღონისძიებას წყალტუბოში "საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" წარმომადგენლები, ასევე წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი ესწრებოდნენ.

ევროპის დღე ევროკავშირის წევრ და მისი წევრობის მსურველ ქვეყნებში ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 2004 წლიდან იმართება. 

ავტორი: ნიუპრესი