|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას გულისხმობს ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმა ?- წყალტუბოში შეხვედრა გაიმართა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა, საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, მორიგი გასვლითი შეხვედრა წყალტუბოში გამართა.

 

„ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგები და გამოწვევები“ - ამ თემაზე გამართულ შეხვედრას  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და  ქვემო სვანეთის რეგიონების კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მინისტრის მოადგილე  თეა გიორგაძე.

 

დისკუსია გაიმართა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, აღნიშნული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე. ასევე მოუსმინეს კლინიკების პასუხისმგებელ პირებს.

 

„შეხვედრაზე  შევთანხმდით, რომ  დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიურ კომუნიკაციას სხვადასხვა რეგიონში მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა ერთობლივად დავსახოთ პრობლემების გადაჭრის გზები და ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღოთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

 

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის - „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.

ავტორი: