წყალტუბოში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია - ზვიად შალამბერიძე
წყალტუბოში ზომების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია - ამგვარად ეხმიანება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსის დიაგნოზის დადასტურების ფაქტს.
"წყალტუბოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. სტანდარტის შესაბამისად, ვიკვლევთ ამ ქალბატონის კონტაქტებს, ვისი ყოფნაც საჭიროა თვითიზოლაციაშია, თუ საჭირო იქნება ვინმეს კარანტინში ან ცხელების ცენტრში გადაყვანა, მოგვიანებით გაცნობებთ. ჯერჯერობით ნამდვილად არ არის ის სიტუაცია წყალტუბოში, რომ ზომების გამკაცრებაზე ვიფიქროთ. ყველა ადამიანი, ვინც იყო ამ ქალბატონთან კონტაქტში, არის პოტენციურად რისკის ქვეშ, ასეთი ადამიანი სამწუხაროდ, ბევრია და მათზე მეთვალყურეობა გრძელდება", - განუცხადა ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს.
წყალტუბოს სათნოების სახლში ერთ-ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირების ახალი შემთხვევის შემდეგ 180 ბენეფიციარის გამოკვლევა იწყება. მათი უმეტესობა ხანდაზმულია.
ავტორი: ნიუპრესი