"ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს" - მეუფე სტეფანე
"ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს"-განაცხადა ცაგერისა და ლენტეხის მეუფე სტეფანემ ქადაგებაზე. მისი თქმით, ეპარქიაში უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ცხოვრება, განათლება და სახელმწიფოებრივობა, რაც იყო ეპარქიის მთავარი დატვირთვა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას გულისხმობს "სკანდალურობის დასრულებაში", ამბობს, სკანდალურობა ყველასგან იყო, მაგრამ არა მეუფე გრიგოლისგან, მეტიც, მისი თქმით, ის მსხვერპლი იყო.
"დარბიხართ ყველა და პოლიტიკურ კითხვებს სვამთ. თუ გინდათ, ჭყონდიდში ჩამოდით სულიერებისთვის. სკანდალურობა ყველასგან იყო, ვიღაცას აინტერესებდა, ვიღაცამ აიტაცა და გააშუქეს, როგორც აწყობდათ. მე არ ვაპირებ, სკანდალურობის პროპაგანდას. იქ უნდა ვიყო წყნარად და მშვიდად. სკანდალურობაში მეუფე გრიგოლი არაფერ შუაშია, მეუფე მსხვერპლი იყო ამ სიტუაციისა. მას თავის ეპარქია ქონდა და წარმოიდგინე, ჭყონდიდიდან წალკაში, რთულია. დროებით იყო, ვიდრე ვინმე გამოიძებნებოდა"-განაცხადა მეუფე სტეფანემ.
მან ასევე განმარტა, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურების დამატება ნამოხვანჰესისთან დაკავშირებით ერთგვარი სასჯელი არ არის და თემიდან რომ მისი განეიტრალება არ ხდება.
"უცნაური სიტყვებია, ჩემი პოზიცია მაგის გამო არ შემიცვლია და არც არაფერი სასჯელი ეს არ არის. საერთოდ, კავშირში არ არის. სინოდმა გადაწყვიტა, რომ ჭყონდიდში გადაეყვანა ერთ-ერთი მღვდელმთავარი, რომელიც ამ შემთხვევაში, მე აღმოვჩნდი, არა იმიტომ, რომ ნეიტრალიზაცია უნდა გაეკეთებინათ ჩემი, ასეთი რამე არ არსებობს. ჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ის, რომ ხალხს უნდა მოვუსმინოთ", -განაცხადა მეუფე სტეფანემ.
ცნობისთვის, სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჩაბარდა, ხოლო მისი დროებით მმართველი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) დღეს მრევლს დაემშვიდობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი