"ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საძოვრად აქცია"(ფოტო)
პარლამენტარ ომარ ნიშნიანიძეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ეხმიანება. ნიშნიანიძის განცხადება, რომელიც ქუთაისის ფუნქციის დაკაგვას ეხება, ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ფაქტიურად, აღიარებითი ჩვენებაა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პარლამენტი რეალურად თბილისში ფუნქციორირებს.
„არჩევნები ახლოვდება და ეს არის ნიშნიანიძის მხიდან „ნიანგის ცრემლების“ ღვრა, მას და მის პოლიტიკურ გუნდს ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც რეალურად პარლამენტს და ქუთაისს დამართეს, რომ არ მოხდა ის განვითარება, რაც ამ პარლამენტის ფუნქციონირებასთან ერთად იყო დაგეგმილი ქუთაისსა და რეგიონში,“- განაცხადა „ევროპა ჩვენი სახლიას“ თავმჯდომარემ გია გოქაძემ.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია საძოვრებად აქცია. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ, რისი ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებენ.
"ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი" თორნიკე ბარათაშვილი პასუხისმგებლობას როგორც მმართველ ძალას, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას აკისებს.
„კანონის უზენაესობა დაცული უნდა იყოს და არავის აქვს უფლება, კონსტიტუციის გვერდით ავლით შეცვალოს პალამენტის ადგილმდებარეობა. ქუთაისის ხელისუფლებას კი პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ირგვლივ არსეულ ანტისანიტარიაზე, რომ ტერიტორია პირუტყვის საძოვრებადაა გადაქცეული. ამის მოგვარებას არც განსაკუთრებული ფინანსური რესურსები და არც დრო ჭირდება. არსებობს საბიუჯეტო ორგანიზაციები, რომლებიც ვალდებული არიან გააკეთონ ის, რომ არ იყოს ეს სამარცხვინო მდგომარეობა“, - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისის ბალანსზე არ არის, შესაბამისად, ქალაქს მისი მოვლა-პატრონობის ვალდებულება არ აქვს. რაც შეეხება, წინა წლებს, მაშინ პარლამენტიდან იყო მომართვა, რის შემდეგაც ქალაქმა გაასუფთავა აღნიშნული ტერიტორია; კერძოდ, გაითიბა ბალახი.
ავტორი: ირინა მაკარიძე