|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელისუფლების საქმიანობას მოსახლეობის 49 პროცენტი უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI)  დღეს მორიგი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც  ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მოსახლეობის პოზიცია გაყოფილია.

მოქალაქეების თითქმის 40 პროცენტის შეფასებით, ქვეყანა  არასწორი მიმართულებით, 29 პროცენტის აზრით კი, სწორი მიმართულებით ვითარდება. დანარჩენი 29 პროცენტი ფიქრობს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება. 

ხელისუფლების საქმიანობას  მოსახლეობის 49 პროცენტი  უარყოფითად აფასებს, 44 პროცენტი კი დადებითად.

ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის მაღალი შეფასება აქვს იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული.

მოქალაქეებს უნდობლობა აქვთ სასამართლოების  მიმართ (30 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება და 14 პროცენტიანი დადებითი შეფასება) და პარლამენტს -35 პროცენტიანი ნეგატიური შეფასება აქვს, - 2014-ში ეს მაჩვენებელი 10 პროცენტი იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიებს დაბალი მხარდაჭერა აქვს: 26 პროცენტი მასთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიად „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 9 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“, 4 პროცენტი კი - „ევროპულ საქართველოს“.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ  ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. გამოკითხულთა 44 პროცენტის აზრით, კორუფციის პრობლემაა ცენტრალურ ხელისუფლებაში, 35 პროცენტის აზრით - ადგილობრივ ხელისუფლებაში, 29 პროცენტის აზრით კი - სახელმწიფო ინსტიტუტებში (როგორიცაა საჯარო რეესტრი, სახელწიფო საავადმყოფოები, სკოლები და სხვა).

მოქალაქეების 63 პროცენტის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაზრდილია. 

 

გამოკითხვის თანახმად, მაღალია განცდა, რომ ქართული მედია დეზინფორმაციას უწყობს ხელს. მოსახლეობის 68 პროცენტმა განაცხადა, რომ ქართული ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ, რაც აღემატება იმ ადამიანების რიცხვს (45 პროცენტი), რომლებიც ამავეს ფიქრობენ რუსული არხების შესახებ. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ რუსეთი (57 პროცენტი), ევროკავშირი (47 პროცენტი) და აშშ (45 პროცენტი) საკუთარი ინტერსების გატარების მიზნით საქართველოში ინფორმაციას ავრცელებენ. თუმცა მოსახლეობის 48 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამ მიზნის მისაღწევად რუსეთი ცრუ და ტყუილ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მოსახლეობის 25 პროცენტის აზრით, ევროკავშირი და 26 პროცენტის აზრით, აშშ-ც მიმართავენ მსგავს დეზინფორმაციას საქართველოში.

„ქართული მედიისადმი გამოხატული ასეთი მაღალი უნდობლობა მაუწყებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის საგულისხმო უნდა იყოს,“ - განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა, - „დეზინფორმაციის პრობლემა გლობალური გამოწვევაა, რომელიც დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს საფრთხეს უქმნის. ამ პირობებში აუცილებელია, რომ საქართველომ მოსახლეობისთვის სანდო მედია სივრცის შექმნას შეუწყოს ხელი.“

ევროკავშირში გაწევრიანებას - 75 პროცენტი, ნატოში წევრობას კი 65 პროცენტი უჭერს მხარს. 2017 წლის დეკემბრის შემდეგ ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა რიგებში მცირედი კლება შეინიშნება. ასევე, მოსახლეობის მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა კარგი მოვლენა იყო, მაშინ როცა 42 პროცენტისთვის ეს ცუდი იყო.

 

გამოკითხვის ფარგლებში, მოქალაქეებმა ოფიციალური პირებისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების საქმიანობაც შეაფასეს. ქვეყნის მასშტაბით ყველაზე კარგად პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებენ. თბილისელების 53 პროცენტმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის საქმიანობა დადებითად შეაფასა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, მოსახლეობის 46 პროცენტს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოსადმი, 34 პროცენტს - დავით ბაქრაძისადმი, 31 პროცენტს კი - თეა წულუკიანისადმი; ამ სამს მთლიანობაში ყველაზე პოზიტიურად აფასებენ.

 

NDI -ის გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

ავტორი: ნიუპრესი