|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხელოვნება თვითგამოხატვის ძლიერი საშუალებაა - თამთა არველაძე

27 წლის მხატვარი, რომელიც ამავე დროს ფსიქოლოგიცაა, არტთერაპიით არის გატაცებული. თამთა არველაძე აცხადებს, რომ ცხოვრებაში მისი მთავარი მიზანი ადამიანების დახმარებაა,  განსაკუთრებულ აქცენტს კი ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებზე აკეთებს.  თავისი საქმიანობისა და უცხოეთში მიღებული გამოცდილების შესახებ თამთა არველაძე "ნიუპრესს" ესაუბრა.

- დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი, (გამოყენებითი ფსიქოლოგია), სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2012 წლიდან ვმუშაობ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებთან როგორიცაა, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები, სოციალურად დაუცველი ბავშვები და მათი მშობლები. მუშაობის პროცესში გამუდმებით ორიენტირებული ვიყავი და ვარ პროფესიულ განვითარებაზე. მაქსიმალურად ვცდილობდი მიმეგნო ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო მიდგომებისთის, ვინაიდან მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობა განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.  ძიების პროცესში კი ვაანალიზებდი, რომ თავს კომფორტულად ვგრძობდი, როდესაც ხელოვნებას და თერაპიას ვაერთიანებდი. შესაბამისად, დავინტერესდი არტ-თერაპიით.  გავლილი მაქვს არტ-თერაპიის შესასწავლი კურსები, ტრენინგები, მასტერკლასები. რა თქმა უნდა, პარალელურად აქტიურად ვმუშაობდი შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე. 

 -როდის წახვედით და რას საქმიანობთ ამერიკაში? 

-2019 წლის დასაწყისში პროფესიული და პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის წავედი ამერიკაში. დღესდღეობით, ჩემი პროფესიის მიხედვით, როგორც მოხალისე არტ-თერაპევტი აქტიურად ვახორციელებ ვიზიტებს ადგილობრივ ბაღებში,  ადრეული განვითარების ცენტრებში. როგორც ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს ვაცნობ არტ-თერაპიის ფუნქციურ მნიშვნელობას,  ვთავაზობ მათ, დღის წესრიგში უფრო მეტი დრო დაუთმონ ისეთ ექსპრესიულ-თერაპიულ მიმართულებას, როგორიცაა ხატვა. მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში, რომლის მთავარი მიზანია ხელოვნებით საკუთარი განცდების გადმოცემის ხელშეწყობა და შემდგომ ამ შინაარსის მიხედვით საკორექციო სამუშაოების ჩატარება. ეს შემოქმედებითი პროცესი პირდაპირ კავშირშია კლიენტის რეაქციებთან, რომელიც ასახავს მისი ფსიქიკური განვითარების თავისებურებებს, პიროვნულ თვისებებს, ინტერესებს, პრობლემებსა თუ კონფლიქტებს. რეალურად არტ-თერაპიის ფარგლებში მშობლებსა და ბავშვებს ვაძლევ კინესთეტიკური ექსპერიმენტის შესაძლებლობებს, რომელიც ხელს უწყობს ემოციურ და რაციონალურ ბალანსს. პარალელურად, ვცდილობ მონაწილეობა მივიღო სხვადასხვა თემატურ გამოფენებში, რომლებიც მიზანმიმართულია ხელოვნების, როგორც ექსპრესიული თერაპიის პოპულარიზაციაზე.

 

-რა გზა გაიარეთ წარმატებამდე და რამდენად რთული იყო ეს ემიგრაციაში?

-ჩამოსვლის დღიდან მუდმივად ვცდილობ გავეცნო ადგილობრივების კულტურას, მათ დამოკიდებულებებს, მსოფლმხედველობას, უბრალოდ, მათ ყოვედღიურობას. ეს ყველაფერი კი მნიშნელოვნად განსხვავდება ჩვენი კულტურისგან. უფრო მეტიც, თავდაპირველად ამ მკვეთრმა დისონანსმა ჩემ შემთხვევაში განაპირობა კულტურული შოკი. ვეცნობოდი და ვაკვირდებოდი კულტურულ სხვაობებს არამხოლოდ ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, არამედ საორგანიზაციო საკითხებშიც კი. რა თქმა უნდა,  ადაპტაციის პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა ის სირთულეები, რაც ყოველდღიურად ემიგრაციაში მხვდებოდა და ვხვდები არის მთავარი მამოძრავებელი სტიმული და ძალა, რაც მეხმარება ეტაპობრივად მოვახდინო პროფესიული წინსვლა და თვითრეალიზება.

 

 -როგორია ბავშვებთან მუშაობა? 

-ბავშვთან მუშაობა ძალიან გავს ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო თავგადასავალია. ბავშვი ეს არის ახალი სიცოცხლე, რომელშიც თავად  ქმნის საკუთარ სამყაროს განსხვავებულ ფერებში, საკუთარი დიზაინითა და ხედვებით. მათ აქვთ საოცარი ინტერპრეტაციის, ადაპტაციისა და არსებული რეალობის საკუთარი უნიკალური აღქმის უნარი, რომელსაც აბსოლუტურად გულწრფელად გამოხატავენ. მთავარია, მშობლებმა, სოციუმმა თუ უბრალოდ გარემომ ამის საშუალება მისცეს. არსებობს შიდა რეალობის გადასვლა გარედან და პირიქით. ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა სწორედ ამ გადასვლის პროცესის დაკვირვება ბავშვებში, თუ როგორ ქმნიან და ავითარებენ თავიანთ წარმოსახვაში სხვადასხვა კრეატიული შემოქმედებითი გზებით. ბავშვები ღიად ხატავენ იმას, რასაც გრძნობენ. ისინი არ ცდილობენ ნამუშევრის ესთეტიკის, ან ეთიკის თვალსაზრისით გაანალიზებას. ყოველ დღეს პატარა ადამიანი ყურადღებით აკვირდება, შესაბამისად, აგროვებს სურათებს, შთაბეჭდილებებს, ცდილობს  მოახდინოს თავისი ცოდნის სისტემატიზაცია და შემოქმედებითად დაამუშაოს იგი. მათთან მუშაობა საოცრად დადებითად აისახება ჩემს განწყობაზე, დამოკიდებულებებზე სამყაროს მიმართ. ისინი მკვებავენ ინსპირაციით რის საფუძველზეც ვქმნი ახალ „შედევრებს“.

 -რომ გვითხრათ, რას ნიშნავს არტთერაპია და რა როლს ასრულებს ხელოვნება? 

-სიტყვასიტყვით “არტ-თერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება არა მაღალი ესთეტიკური ღირებულების მქონე ნაწარმოებების შექმნაზე, არამედ თავად შემოქმედების პროცესის თერაპიულ ეფექტზე.დღესდღეობით არტ-თერაპიას სულ უფრო ხშირად მიმართავენ ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როდესაც პაციენტთან კომუნიკაციის დამყარება მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეუძლებელი ხდება. თვითგამოხატვის ეს ფორმა საკმაოდ ინფორმაციულია და სპეციალისტს საშუალებას აძლევს, სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში მკურნალობის მართებულ გზას მიაგნოს. თერაპიის პროცესში ფერები ასოციაციურ კავშირს ამყარებენ იმ შინაარსებთან, რომელიც ფსიქიკაშია გამჯდარი. კლიენტის ფერების არჩევანი არის განპირობებული სრულიად არაცნობიერი მოტივით, რადგან თვალს იზიდავს ის ფერი, რომელიც იმ გრძნობისა თუ იმ შინაარსის ტრიგერია, რომლთანაც კლიენტი არის დაკავშირებული  ასოციაციურად. არტ-თერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ყველა მდგომარეობის დროს, იქნება ეს კლინიკური დეპრესია, სხვადასხვა სახის ნევროზები, ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები და ა.შ. ასევე, ყოველდღიური სტრესის, გაღიზიანების და გადაღლის დროს. ხელოვნება  თვითგამოხატვის ძლიერი საშუალებაა, რომლის განხორციელებაშიც გვეხმარება თვითიდენტიფიკაცია. იგი უზრუნველყოფს შევქმნათ გზა, რომელიც უსაფრთხოდ მიგვიყვანს გრძნობების გამოვლინებისაკენ. თერაპიის მიზანია ადამიანის რესურსების მთლიანად გააქტიურება და თვითრეგულაციის მექანიზმის, კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარება, ნებელობითი, ემოციური და კოგნიტიური უნარების გაუმჯობესება. ხელოვნებისა და თერაპიის ეს უნიკალური ტანდემი დიდ როლს ასრულებს ადამიანის ემოციური სამყაროს განვითარებასა და კორექტირებაში. არტ-თერაპიის შედეგად კი ვიღეთ ემოციურ და რაციონალურ ბალანსს, რომელიც ყველა პიროვნებაში,  განურჩევლად სქესის, რასის, ასაკისა თუ ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა, იწვევს ჰარმონიისკენ სვლას. 

-ვიცით, რომ ხატავთ, ამის შესახებაც გვითხარით, რა სტილში მუშაობთ და რამდენი ხანია, გეგმავთ თუ არა გამოფენებს? 

-ხატვის მიმართ ინტერესი ბავშვოვიდან მქონდა, თუმცა განსაკუთრებული ემოციური მიჯაჭვულობა ეტაპობრივად ვითარდებოდა. ფერით წერა (ფერწერა) არის ის, რაც მიქმნის მთავარ კომფორტს, თუმცა კონტექსტუალურადაც და მუშაობის ტექნიკების თვალსაზრისითაც მნიშნელოვანია ჩემი შინაგანი განწყობა, რაც განაპირობებს არჩევანს, თუ რა და როგორ მინდა შევქმნა. განსაკუთრებით მომწონს და ვიყენებ სურიალიზმს, სადაც არ არის არანაირი ლოგიკა და მორალი, სადაც ვხვდებით ადამიანის ქვეცნობიერის სხვა რეალობას, სხვა სამყაროს. თუმვა, ბავშვებთან მუშაობის შემდეგ  ჩემს სამყაროში მოხდა სრული გარდატეხა, რის შედეგადაც ჩემი ნამუშევრების მთავარი ინსპირაცია გახდა ბავშობაში  განცდილი მძაფრი ემოციები, შთაბეჭდილებები, ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტები, რომელებიც ღრმად არის დალექილი. ბავშვებმა კი, რომლებსაც განსაკუთრებული დეფიციტი აქვთ ოჯახური გარემოსა და სითბოსი, თითქოს ეს ყველაფერი ქვეცნობიერის ღრმა ფენებიდან სათითაოდ გამოიტანეს. 

 -ქუთაისზეც რომ გვითხრათ, როგორია თქვენი ქუთაისი? 

-ჩემი ქუთაისი არის ისტორია, მითოსი,  ჩემი ქუთაისი არის „მფრინავი მღებავი“ -გენიალური პეტრე ოცხელი. ჩემი ქუთაისი არის სახასიათო იუმორი,  ფერადი და თბილი ემოციების „კორიანტელი“, რომელიც ცხოვრობს  ჩემში და რომელიც ჩემს „განსხვავებულ“ ხასიათს ქმნის...

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი