ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის დოკუმენტი არ არსებობს - ყოფილი მმართველი
უცნობია, რა ბედი ეწევა თბილისში, დანგრევის პირას მყოფი ხელოვნების მუზეუმში განთავსებულ ეროვნულ განძს და უნიკალურ ექსპონატებს. მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ ,რაც მუზეუმში დაცული ექსპონატების ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა ოფიციალური წერილით მოითხოვა, უბრალოდ, „ჩამოალაბორანტეს“.
„პასუხად, დღეს მიღებული ბრძანების თანახმად მუზეუმის მმართველის თანამდებობიდან გადაყვანილი ვარ ლაბორანტის პოზიციაზე“, – წერს იგი.
„ეტყობა, მინისტრმა, რომელსაც ძალიან „ვუყვარვარ“, ახალ დირექტორს უთხრა, „ჩამოალაბორანტეთო“. მას კი დოჩანაშვილი არ წაუკითხავს და პირდაპირ გაიგო“, – წერს ეკა კიკნაძე.
კიკნაძის თქმით, ის და მისი კოლეგები იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ. ისინი ექსპონატების ევაკუაციის გეგმის გაცნობის გარეშე ევაკუაციის დაწყებას დაუშვებლად მიიჩნევენ.
„ეს ჩვენი ბრძოლა იქნება. ბრძოლა უნდა დაიწყოს თითოეულმა თქვენგანმაც. ამ ქვეყნის მოქალაქეები სისტემატურად ვხედავთ, როგორ მარცხდება კულტურული მემკვიდრეობა. მარცხდება გადაწყვეტილების მიმღებთა არაკეთილსინდისიერების ან არაპროფესიონალიზმის მიზეზით, ვხედავთ როგორ ინგრევა და ნადგურდება ის. ხელოვნების მუზეუმი უნდა გახდეს შემთხვევა, სადაც მემკვიდრეობა გაიმარჯვებს. სხვაგვარად შეუძლებელია“, – აცხადებს კიკნაძე.
შეგახსენებთ, ხელოვნების მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობაა, რომელიც თბილისს შემორჩა, თუმცა, კულტურის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ახლა სავალალო მდგომარეობაშია. მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის „პანორამა თბილისის“ გვერდით დგას. „პანორამა“ ჩრდილავს 1830-იან წლებში აშენებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
მუზეუმი, სადაც 2021 წლამდე 30 ათასზე მეტი ექსპონატი ინახებოდა, ახლა თითქმის ბოლომდე გამოცარიელებულია. სამინისტრო ნგრევაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და არ პასუხობს კითხვაზე – თავად რას აპირებს. არც ისაა ცნობილი, იგეგმება შენობის გამაგრება თუ უბრალოდ, დაინგრევა უმოქმედობის ფონზე.
ავტორი: ნიუპრესი