ლადო ჯურხაძე ხონის მერობას სამი კომპანიის დირექტორობას უთავსებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევაში, რომელიც მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესებს, არასრულად შევსებული დეკლარაციებსა და შეუთავსებელ საქმიანობას უკავშირდება, იმერეთის მხარის მაღალჩინოსნები მოხვდნენ.
კვლევის თანახმად, ხონის მერს ლადო ჯურხაძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „გლობალ ენერჯი სოლუშენსის”, შპს „ბატონო ტრეველიძის” და შპს „მახაუტოს” დირექტორი და 100% მფლობელი, ასევე შპს „ენერგეტიკის ავტომატიზაციის ქართული კომპანიის” 5% მფლობელია.
როგორც საერთაშორისო საზოგადოების მკვლევარები მიუთითებენ, პრობლემატურია ის გარემოებები, რომ ლადო ჯურხაძე, კანონის მოთხოვნათა მიუხედავად, 3 შპს-ში დღემდე ინარჩუნებს დირექტორის თანამდებობას და საკუთარ წილები მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ აქვს გადაცემული.
როგორც ლადო ჯურხაძე აცხადებს, ეს არის კომპანიები, რომლებსაც დაფუძნების დღიდან არ უმუშავიათ.
"სამი კომპანია მაქვს დაფუძნებული და ვერ მოვახერხე სხვაზე გადავაფორმო, ამ კომპანიებს დაფუძნების დღიდან არ უმუშავიათ, რაც შეგიძლით, საგადასახადო ინსპექტციაში გადაამოწმოთ, ვებ გვერდებიც კი არ აქვთ ამ კომპანიებს შექმნილი", -განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.
იმერეთის მუნიციპალიტეტიდან დარღვევები დაფიქსირდა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნოდარ ფანჩულიძეს შპს „იმერეთი 2017”-ის 100%-იანი წილის მესაკუთრეა, რაც 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული..
წყალტუბოს მერის პირველი მოადგილეს ზურაბ მაისურაძეს 2019 წლის იანვარში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „დიაპლასტის” 50% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან გიორგაძეს არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი მეუღლე, ბესარიონ ჭიჭინაძე შპს „დ გრუპის’’ დირექტორი და 100%- იანი წილის მფლობელია.
ჭიათურის მერს გივი მოდებაძეს 2019 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი მეუღლე, ნინო ბუთხუზი შპს „ოკეანე +”-ის 25% მესაკუთრეა.
ბაღდათის მერის მოადგილეს ფირუზ ბურჯანაძეს 2019 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს, რომ იგი არის ,,ჯორჯიან სენდ კომპანის’’ 50% მფლობელი, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ფირუზ ბურჯანაძეს დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ ფლობს შპს „ჯორჯია სეთ კომპანი 2”-ის 15%-ს, მას არც ეს წილი აქვს სხვა პირზე მინდობით გადაცემული.
ზესტაფონის მერის მოადგილე დავით მაღრაძეს 2019 წლის აპრილში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ შპს „ჯი ემ დის” 50% მესაკუთრე და შპს „დი პი იმპექსის” 50% წილის მფლობელი და დირექტორია.
ქუთაისიდან ამ ჩამონათვალში ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არიან.
იუზა უგულავას 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „იუკოს” 50% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა,
თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
საერთაშორისო გამჭვირვალობის პასუხად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მან საკუთარი კომპანიების მართვის უფლება მეუღლეს გადასცა.
ავტორი: ირინა მაკარიძე