ხონის პოლიციის მაღალჩინოსანს 27 წლის ბიჭის სასტიკად ცემაში ადანაშაულებენ
ხონში პოლიციელს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. თორნიკე კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ კომენდანტის დროს მოხდა.
მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც ცემეს.
ოჯახის ინფორმაციით, ხონის პოლიციის მაღალჩინოსანმა 27 წლის ბიჭი სასტიკად ცემა, მას ტვინის შერყევა მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
თანმხლები პირის ინფორმაციით, კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგეობა არ გაუწევია, მხოლოდ კითხა, რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოყვა. მეორე პოლიციელი კი სხვებს ავტომატით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ. ოჯახი სიმართლის დადგენას მოითხოვს, მათი თქმით, ნაცემს კაკაურიძეს წაუყენეს ბრალი პოლიციის წინააღმდეგეობოს გაწევის გამო.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
უწყების ცნობით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული თ.კ. ხონში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 ივნისს, ხონში, თ.კ. ალკოჰოლური თრობის პირობებში გადაადგილდებოდა და არღვევდა 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს. პოლიციის მიერ შეჩერებულმა თ.კ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ, რის შემდეგაც ის დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.
დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ისე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი