|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდება"

უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან გამართავენ .

"ვიმსჯელეთ მიმდინარე საკითხებზე. შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები. როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება, ხოლო კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონით გათვალისწინებულ ვადებში გაიმართება უკვე პირველი სხდომა კომისიის, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 პრემიერმა ასევე მთავარი პროკურორის შერჩევის საკითხზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს.

 შეგახსენებთ, დღეს ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ქვეყანაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

ავტორი: ნიუპრესი