ყირიმის ხიდის ტერაქტის საქმეში საქართველო და ორი ქართველის სახელი ფიგურირებს
ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში საქართველოს სახელი და ორი ქართველის სახელი ფიგურირებს - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტერაქტის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 12 ადამიანია იდენტიფიცირებული, 8 დაკავებულია, მათგან ხუთი რუსეთის, სამი კი - უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეა.
„ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო, მისი უფროსი კირილ ბუდანოვი, თანამშრომლები და აგენტები. ასაფეთქებელი მოწყობილობა რულონებში იყო შენიღბული, სამშენებლო პოლიეთილენის ფირით 22 პალეტზე, რომლის საერთო წონა 22 770 კილოგრამს შეადგენდა“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსული მედიის ცნობით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი გაიგზავნა ოდესის პორტიდან ბულგარეთის რუსეს პორტში, ბულგარეთიდან ტრანსპორტირება საქართველოს ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში გაგრძელდა.
„გადატანაში მონაწილეობდნენ უკრაინის მოქალაქეები მიხაილ ციურკალო, დენის კოვაჩი, რომან სოლომკო, საქართველოს მოქალაქეები სანდრო ინასარიძე, ბროკერი სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი“, - წერს რუსული მედია.
მათივე ცნობით, 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, ერევანში, ტრანსალიანსის ტერმინალში, ტვირთი განაბაჟეს, შემდეგ კი საქართველოში რეგისტრირებული DAF-ის სატვირთო მანქანით, ტვირთმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი 4 ოქტომბერს ზემო ლარსის საგუშაგოზე, გადაკვეთა ორი დღის შემდეგ კი არმავირის საბითუმო ბაზაზე მიიტანეს და გადმოტვირთეს.
მედიის ინფორმაციით, 7 ოქტომბერს უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეების დახმარებით, ტვირთის საბუთები კვლავ შეიცვალა, გამგზავნად მიუთითეს შპს TEK-34 ულიანოვსკიდან, ხოლო მიმღებად - ყირიმში არარსებული კომპანია.
„იმავე დღეს, პალეტები რუსეთის მოქალაქის, 1971 წელს დაბადებული მახირ იუსუბოვის სატვირთო მანქანაში ჩატვირთეს, ხოლო 2022 წლის 8 ოქტომბერს დილის 06:03 საათზე ყირიმის ხიდზე გადაკვეთისას აფეთქება განხორციელდა,“- აცხადებენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურში.
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურ სამსახურის მტკიცებით, ტვირთის გადაადგილებას მთელ მარშრუტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი აკონტროლებდა, რომელიც სქემის მონაწილეებს თავი წარუდგინა როგორც „ივან ივანოვიჩი“.
ავტორი: ნიუპრესი