"ქვეყანაში ყველა პრობლემა რომ მოგვარდება, თეატრი აღარ იქნება" - რეზო ჯავახიშვილი
რევაზ ჯავახიშვილი ქუთაისის ოპერის თეატრთან 15 წელია, თანამშრომლობს. ამბობს, რომ არასათანადო პირობების მიუხედავად, არ აპირებს თეატრთან თანამშრომლობის შეწყვეტას, რადგან თვლის, რომ ოპერის თეატრმა მას ყველაფერი მისცა. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი, ასევე ქუთაისის სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, არაერთი სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორი და ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი "ნიუპრესს" ესაუბრა.
–მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, დედაჩემი მუსიკოსია, მუსიკალურ სასწავლებელში მუშაობს. მუსიკა სულ ჟღერდა ჩვენს ოჯახში და დაძალება არ დამჭირვებია. პირველი მუსიკალური განათლება ქუთაისის მ.ბალანჩივაძის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში მივიღე, ვიოლინოს განხრით. რომ გითხრათ, ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვიყავი ვიოლინოს მიმართ, არ იქნება მართალი. დრო იყო ისეთი, მოგეხსენებათ, როგორ უყურებდნენ მევიოლინე ბავშვებს. ბებიას მიქონდა ვიოლინო და მე მოშორებით მივყვებოდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ დანაწევრდა განათლების სისტემა, შეიქმნა ლიცეუმები და გადაწყვეტილება მივიღე, ჩამებარებინა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, იქ დაიწყო სერიოზული დაინტერესება დირიჟორობით. ჩემმა პედაგოგმა ეთერი ფილიპაშვილმა გამიღვივა სიყვარული მუსიკისადმი. პარალელურად ესტრადაზეც მომიწია გამოსვლა. ჯგუფი გვქონდა, გასტროლებით მოვიარეთ სხვადასხვა ქვეყანა. ამ ჯგუფის გამო ქუთაისის კონსერვატორიაში ჩავაბარე, საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტზე. პარალელურად, თეატრთან ურთიერთობაც მქონდა. მეორე კურსიდან კი თბილისის კონსერვატორიაში გადავედი. იქ უკვე სხვა ეტაპი დაიწყო. გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივ პედაგოგთან, პროფესორ გივი მუნჯიშვილთან მოვხვდი. სწავლის პარალელურად საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელაში ვმუშაობდი, სადაც დიდი ცოდნა შევიძინე.
–ქუთაისის ოპერის თეატრთან როგორ დაიწყეთ ურთიერთობა?
– როდესაც დავამთავრე მაგისტრატურა, გამოცდაზე მოვიდა მედეა ამირანაშვილი, რომელიც მაშინ ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. მითხრა, რომ ჩემს გამო იყო მოსული, რადგან იცოდა, რომ ქუთაისელი ვიყავი. კარგი რეკომენდაციები მქონდა და შემომთავაზა, ხომ არ დავბრუნდებოდი ქალაქში. მითხრა, ქორმაისტერის ადგილი მაქვს და ხომ არ დაინტერესდებითო? დავთანხმდი და 2002 წელს დავბრუნდი ქუთაისში. თენგიზ ჭუმბურიძესთან ურთიერთობამ განაპირობა ჩემი პირველი ნაბიჯები სადირიჟორო კუთხით. მან მომამზადებინა ოპერა, შემიშვა ორკესტრთან, მეუბნებოდა, რომ აქ უნდა გავზრდილიყავი, რადგან არასდროს ყოფილა ადგილობრივი კადრი. ერთია, რომ შეგაგულიანებენ, მეორე, შეგიძლია თუ არა, მისმა მხადაჭერამ გამიკვლია გზა. თენგიზმა დამითმო სპექტაკლი და მადირიჟორა. ეს იყო დებიუტი. ასეთი ნაბიჯისთვის ბევრი არაა მზად და არ გააკეთებს, რომ ახალგაზრდას დაუთმოს სპექტაკლი. ეს არის დიდსულოვნება და დღეს მეც ვცდილობ, ახალგაზრდა კოლეგებს დავეხმარო, თუ ეს ჩემს შესაძლებლობებშია. თაობათა ცვლის გარეშე განვითარება არ მოხდება. ქორმაისტერობის შემდეგ დირიჟორად გადავედი. 2010 წლიდან გავხდი თეატრის მთავარი დირიჟორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მერე შეიცვალა კანონი. დავრჩი უმუშევარი და თეატრში არ ვიყავი, მაგრამ ამან დადებითი შედეგი გამოიღო, რადგან აღმოვჩნდი ეროვნულ ორკესტრში, სადაც დახმარების ხელი გამომიწოდა ნიკოლოზ რაჭველმა და შესანიშნავმა კოლექტივმა, ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება.
–მას შემდეგ რაც თანამდებობა დატოვეთ, როგორ მოხდა თქვენი კვლავ დაბრუნება ქუთაისში?
–შემდეგ გოგი ჭიჭინაძემ, რომელიც მაშინ ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა, დამპატიჟა, რომ წამეყვანა რეპერტუარი. იყო უკეთესობის მოლოდინები, ყველა იმედის თვალით უყურებდა ახალი ხელმძღვანელობის პროგრამას, მაგრამ არ დაფინანსდა, ამიტომაც გოგიმ გადაწყვიტა დაეტოვებინა თანამდებობა. მისი მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა, ამიტომაც წავიდა. ასეთ დროს ყველა თავმოყვარე ადამიანი ასე იქცევა. ამ თანამდებობაზე კონკურსით ირინა ლომინაძე დაინიშნა, რომელმაც მთავარი დირიჟორობა შემომთავაზა და ახლა ერთად, შეხმატკბილებულად ვთანამშრომლობთ. თუმცა ჩვენი მუდმივი თემა - გაჭირვებაა. ამაზე საუბარი მერიდება, მრცხვენია და დავიღალე კიდეც. პრობლემები არსებობს ოპერაში. პრობლემები ყველგანაა, მაგრამ ჩვენი არსებობა ვერანაირ ნორმაში ვეღარ ჯდება. ქვეყნის მეორე თეატრში ასეთი მდგომარეობა არაა მოსაწონი. ძალიან დიდი განსხვავებაა ფინანსური კუთხით დედაქალაქის სამუსიკო დაწესებულებებში. ვფიქრობ, უსამართლო მიდგომაა. შანსი ყველას უნდა მიეცეს, რომ ბოლომდე გამოავლინოს თავისი შესაძლებლობა. ჩვენთან არის დიდი რეპერტუარი, ვემზადებით პრემიერისთვის. ჩვენი ენთუზიაზმი აჭარბებს არსებულ შესაძლებლობებს, არსებობისთვის ბრძოლაა აუცილებელი და უკვე დავიღალეთ ამ ბრძოლით, ახლა გვჭირდება ხარისხის ამაღლება, სხვა ეტაპზე გადასვლა, რისი შესაძლებლობაც არ გვაქვს. გულდასაწყვეტია მიზეზები, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია ქუთაისის დატოვება. ამის მიზეზი სიყვარულია, რაც ამ თეატრმა მომცა, რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. არ ვგულისხმობ თანამდებობებს, მე ყველა პოზიციაზე ისე ვიმსახურებ, როგორც ამჟამად. აქ ვარ იმიტომ, რომ უნდა ვიყო და არც არავის ვამადლი, პატივს ვცემ იმ წლებს, რაც აქ გამიტარებია და რა ცოდნაც მომცა თეატრმა და პატივს ვცემ იმ შრომას, რაც აქ გავწიე. 15 წელია ვარ ამ დამოკიდებულებით, ვინარჩუნებთ თეატრს მხოლოდ სიყვარულით, სხვა დაინტერესება აქ არაა, დამთავრდება ეს სიყვარულიც, მერე მძიმე მდგომარეობა იქნება.
–როგორია ორკესტრის დირიჟორობა?
– შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა, რომ არ მქონდა სპეციალური განათლება, მაგრამ ასე არ იყო. პარალელურად, გავდიოდი საოპერო სიმფონიური მომზადების საგანს, შემდგომ დავიწყე ძებნა, სად უნდა მესწავლა. ასეა ახლაც, სწავლაზე სულ უნდა იზრუნო, ვიყავი სტაჟირებაზე პოლონეთში, იტალიაში, მილანის კონსერვატორიაში, სიენაში, გამოცდილება მივიღე და ასეთი განათლებით სრულვყავი პროფესია. ერთ რამეს დანამდვილებით ვიტყვი, არც ერთი დიპლომი არ იძლევა იმას, რასაც იძლევა პრაქტიკა, ესაა ყველაზე დიდი გამოცდილება. კედლებთან დირიჟორობა ეს არაფერია, თავდაუზოგავმა შრომამ და პროფესიისადმი სწორმა დამოკიდებულებამ გამზარდა პროფესიონალად.
რაც შეეხება ორკესტრს, ცუდად იყო საქმე, უხელფასობა, ინვენტარის არარსებობა, მაგრამ წლების განმავლობაში პროგრესი განიცადა, მეტი ახალგაზრდა მოვიყვანეთ, აქ დიდი დიაპაზონია ასაკობრივი, არის 20 წლის და 80 წლის ადამიანი, რომელიც მუშაობს და სრულფასოვნად უკრავს, მისი გამოცდილება მნიშვნელოვანია, ისევე როგორც თაობებში გამოცდილების გაზიარება.
–ოპერით, კლასიკური მუსიკით რამდენად ინტერესდებიან ახალგაზრდები?
-ახალგაზრდობა უფრო პრაგმატულია, ორიენტირებულია შედეგზე. ასეთი ხელფასების და დაუფასებლობის პირობებში, ახალგაზრდების დაინტერესება ძნელია. მესმის, რომ დღეს ქვეყანას არ სცალია სულიერი საზრდოსთვის, სხვა პრობლემებია, მაგრამ ყველაფერი რომ მოგვარდება, კულტურა აღარ იქნება, ვიქნებით ყველაზე დაბალი დონის ქვეყანა. ახალგაზრდა არ მოვა, ყველას თვალი უჭირავს გაქცევაზე, სადაც უკეთესი პირობებია. რომ გადახედო საქართველოს ყველა ორკესტრს, ყველგან ნახავთ მინიმუმ ხუთ ქუთაისელს, ეს ხალხი რომ შეკრიბო და ყველა ჩამოიყვანო სასწაული იქნება.
დღეს ქუთაისში არის საერთაშორისო აეროპორტი, რომელსაც აქვს პირდაპირი ფრენები ევროპის ქვეყნებში. ამ კომპონენტით ქუთაისი ყველაზე ევროპული ქალაქია საქართველოში, ეს დიდი მონაპოვარია, უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ჩამოდის ტურისტი ქალაქში და მოდის მთავარ მოედანზე, აქ ხვდება სამი თეატრი, ამაზე დგას ქალაქი და შემდგომ არის სხვა ინსტიტუციები. ქალაქს, რომელსაც აქვს სამი თეატრი, ესე იგი, ეს კულტურული ქალაქია, აქ ხალხი მხოლოდ კუჭზე არ ფიქრობს, სხვა ინტელექტია. თუმცა, ერთია, გაქვს, მაგრამ როგორ უვლი, ეს უკვე სხვა საკითხია. ოპერა ევროპასთან ინტეგრაციის უნივერსალური ენაა, რადგან „ტრავიატა“ ყველგან „ტრავიატაა“, მუსიკის ენა უნივერსალურია, გვაქვს და ვერ ვიყენებთ, ესაა გამოუყენებელი სიმდიდრე. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ საკითხზე მიწევს საუბარი. ძალიან დაიღალა თეატრში ხალხი, დიდი გამოცდილების და ცოდნის თანამშრომლები, ხვალინდელი დღის მოლოდინიც მილევად რეჟიმშია. ისინი არ გამოვლენ ქუჩაში და დემონსტრაციას არ მოაწყობენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, თეატრი მოკვდება. ყველა პრობლემა რომ მოგვარდება, თეატრი აღარ იქნება და ეს იქნება ტრაგედია.
–პრემიერას როგორ ხვდებით და თუ იქნებიან მოწვეული მომღერლები?
–27 დეკემბერს გვექნება პრემიერა, ჯუზეპე ვერდის „რიგოლეტო“. გამორჩეული სპექტაკლია, დავამთხვიეთ თეატრის გახსნის დღეს, ამ დღეს 49 წლის წინ გაიხსნა თეატრი. გვეყოლებიან მოწვეული სოლისტები, ზოგის დადასტურება მაქვს, ზოგს ვარკვეთ და დასახელებისგან თავს შევიკავებ, მთავარი პარტიების შემსრულებლები მოწვეული მომღერლები იქნებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად შეგვეძლოს მომღერლების და დირიჟორების მოწვევა. ამით ჩვენი თეატრი გამდიდრდება და სიამოვნებასთან ერთად დიდ გამოცდილებას შევიძენთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი