|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველა წელი იწყება და მთავრდება, მთავარია, წინ ვიაროთ"

 ქუთაისის საპატიო მოქალაქე და  დიმიტრი ნაზარაშვილის კლინიკის დირექტორი,  თავის პროფესიას პოეზიის განსაკუთრებულ სიყვარულსაც უთავსებს. მერაბ კვიცარიძე "ნიუპრესის" საახალწლო სტუმარია. 

  -ბატობო მერაბ,  თქვენ საკმაოდ წარმატებული კლინიკის დირექტორი ხართ...

-   ნაზარაშვილის საოჯახო მედიცინის კლინიკა საქართველოში ყველაზე ძველია, ის 1872 წელს დაარსდა.  ჩვენი კლინიკა მრავალპროფილიანია. ის  იმითაა გამორჩეული,  რომ იმერეთის მასშტაბით 17 ბავშვთა სახლს უწევს უფასო სამედიცინო მომსახურეობას. ასევე, გავაფორმეთ მემორანდუმი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან,  ჯანდაცვის სამინისტროსთან და კიდევ 4 კლინიკასთან. ჯამში, 5 კლინიკა ვახორციელებთ უფასო სამედიცინო მომსახურეობას დევნილებისათვის. 

       -ცნობილია პოეზიის მიმართ თქვენი განსაკუთრებული  დამოკიდებულება...

-    ლაპარაკი ლექსად დავიწყე. ულექსოდ და სიყვარულის გარეშე ერთხელ არ მიცხოვრია.  ნიკო სამადაშვილს აქვს ერთი ფრაზა: „ავადმყოფობა ეგონათ ბიჭო, ლექსები ტანზე გამონაყარი.“ ვისაც ასეთი  გამონაყარი აქვს, უდავოდ ბედნიერი კაცია. ხოლო ვისაც სხვანაირი გამონაყარი აქვს,  „ტრიდერმის“  მალამო არსებობს, წაისვამს კანზე და მოუხდება  .  „პოეზიაში დაკარგვა ნიშნავს ომში წასვლას და არდაბრუნებას“, - თქვა ზაალ ებანოიძემ, რომელსაც მე ვეთანხმები. ვარ ლექსის ავტორი „აქედან ზღვამდე შორია“ ლექსი აფხაზეთს ეძღვნება.  დაიწერა მაშინ, როცა სოხუმის თეატრი ჩამოვიდა ქუთაისში და დაიდგა სპექტაკლი „ზღვა, რომელიც შორია“, რომლის რეჟისორიც გახლავთ თემურ ჩხეიძე.  სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მანქანით მოვდიოდი, გავაჩერე გზაში მანქანა და დავწერე ლექსი.

-     როგორ გახდით ზურაბ გორგილაძის პრემიის ლაურეატი?

-     ზურაბ გორგილაძე გამოჩენილი პოეტია, მე მისი 200 ლექსი ვიცი ზეპირად.  საქართველოში არავინ იცის მისი ამდენი ლექსი. ბათუმში მყავს მეგობარი ვლადიმერ მახარაძე,  ფარმაცევტული კომპანიის „ჰეკატეს“  დირექტორი,  რომელმაც ასევე  უამრავი ლექსი იცის.  ჩვენ შორის  გაიმართა შეჯიბრი, სადაც,  რა თქმა უნდა,  პოეზიამ გაიმარჯვა. ზურაბის სულ  3 ნიღაბი არსებობს. ერთი მეუფე დიმიტრისთან ინახება, მეორე  ზურაბის მეუღლესთან,  მესამე კი ჩემთან და 7 წელია,  ვერავინ  შეძლო აქედან მისი წაღება. სანამ შემეძლება, შევეცდები კვლავ  ჩემთან დარჩეს.  მე გადავწვიტე ლექსის „ოჰოი ნანას“ ძეგლი გამეკეთებინა, იგი კარებად დავამზადებინე და ჩავიტანე აჭარაში. ამ ძეგლის ფოტო ორჰან ბერიძესაც  გადავეცი.

  - გარდა გორგილაძის ლექსებისა,  თქვენ სხვა ქართველი პოეტების ლექსებიც იცით, რა რაოდენობის ლექსების დამახსოვრება შეძელით და როგორ?

-      როცა ვამბობ, რომ ბევრი ლექსი ვიცი, ზოგს არ სჯერა. მაგრამ როცა ამას საუბრისას ვიყენებ, სადღეგრძელოებში, ან როცა ლექსს იწყებენ და მე ვასრულებ, მერე რწმუნდებიან,  რომ მართლა ვიცი. ერთხელ ექსპერიმენტიც ჩავატარეთ: გამოვიდა 100 ლექსი სხვადასხვა პოეტების და ვისაც აინტერსებდა, მართლა ვიცოდი თუ არა, 7 სხვადასხვა პოეტის არჩევა ვთხოვე, რომელიც მათ სურდათ. დამისახელეს ლექსები და მე მოვყევი. ასე რომ, საკმაოდ ბევრი ლექსი ვიცი, 1800-მდე დაახლოებით.  ამისთვის რაიმე განსაკუთრებული ხერხი არ მაქვს, ეს იმ ფიზიკა - მათემატიკური სკოლის დამსახურებაა, სადაც ვსწავლობდი. გარდა ამისა, მაქვს მხედველობითი მეხსიერება. სხვათაშორის, ჭადრაკსაც რამდენიმე დაფაზე  „ზეპირად“ ვთამაშობ.

  -     თქვენ ახორციელებთ პროექტს  „ვეფხისტყაოსანს წერს საქართველო“,  რა არის ამ პროექტის მიზანი?

 -      სანამ პროექტზე გეტყვით, ერთი რამ უნდა ვთქვა: დღეს კაცობრიობა ეძებს რუსთაველის საფლავს, მაგრამ სანამ კაცობრიობა იარსებებს, მის საფლავს ვერ იპოვნიან,  რადგან ღმერთებს მიწაში არ ეძებენ.  კორნელი კეკელიძის და  ალექსანდრე ბარამიძის გამოცემაში "ვეფხისტყაოსნის" 1669 სტროფია და ამდენივე იქნება იმ ვეფხისტყაოსანშიც, რომელსაც საქართველო დაწერს.  პროექტი 2013 წლის აგვისტოში დავიწყე. პირველი სტროფი ჭაბუა ამირეჯიბმა  დაწერა. ამას დრო სჭირდება, მოძებნო ადამიანები, რომლებიც  დაწერენ „ვეფხისტყაოსანს“. ამ ეტაპზე 370 სტროფია დაწერილი.  რამდენიმე დღის წინ სტუმრად გვყავდა „ჩვენებური“ ორჰან ბერიძე. ადამიანი, რომელმაც "ვეფხისტყაოსანი" 47 წლის ასაკში ისწავლა. მანაც მიიღო მონაწილეობა ამ პროექტში. ხელნაწერი დარჩება ჩემთან,  წიგნად გამოიცემა  დისკით. ამას დაახლოებით 3 წელი დასჭირდება. ვთხოვე უწმინდესს, რომელიც ჩვენი სულიერი მამაა, ის გარეკანზე გააკეთებს წარწერას.

-       ცნობილია, რომ  თქვენ ქველმოქმედიც ბრძანდებით...

 -       სიკეთის კეთება მის უხვად გაცემას კი არა, მის დროულად გაცემას ნიშნავს.  ვცდილობ, ბევრი კარგი საქმე გავაკეთო და მგონი, გამომდის კიდეც. არ მინდა ტრაბახში ჩამეთვალოს. წერეთლის უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს უროლოგიაში და ხანდახან, მენეჯმენტში.  ლექციების დასრულების შემდეგ ვეუბნები სტუდენტებს, დაწერონ ფურცელზე იმ სტუდენტის სახელი და გვარი, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს. ვინც მეტ ხმას აგროვებს, მიმყავს ბანკომატთან და ჩემს ხელფასს ვაძლევ. ეს, ასე ვთქვათ, ერთგვარი სტიპენდიასავითაა. გარდა ამისა, კლინიკის ფარგლებში ვაკეთებთ საქველმოქმედო აქციებს.

-         ბატონო მერაბ, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ქუთაისის საპატიო მოქალაქე?

-       პირველ რიგში, გეტყვით, რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო ქუთაისელი. ცხოვრობდე ქუთაისში, ძალიან იოლია. შეაგროვებ 10 ათას დოლარს და იყიდი ავანგარდში ერთოთახიან ბინას. იყო ქუთაისელი, ძნელია. ათჯერ რომ დავიბადო, ათივეჯერ ქუთაისელი ვიქნები, ათივეჯერ ექიმი, ათივეჯერ ქეთევან ჯუღელი იქნება ჩემი მეუღლე - ამ სამ პირობას არ ვცვლი. მე ქუთაისის გარდა, არსად ვიცხოვრებ, თუმცა ამის შესაძლებლობა მქონდა. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, ძალიან მიყვარს, მაგრამ ცოტა უმადურობის განცდას ვატყობ. ქუთაისი სულ დონორი იყო, მან ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს სამჯერ  გადაუსხა სისხლი: გასული საუკუნის ოციან, სამოციან და ოთხმოციან წლებში. ახლა გაუშრა, მეტი აღარ აქვს და მე ამ სისხლის გაშრობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ახლა აქეთ პარლამენტი წაგვართვეს, გზამ გვერდი აგვიარა... ქუთაისი არ უნდა მოკვდეს,  აქ უნდა ვიცხოვროთ!..  ეს პატარა საქმე არაა, ამიტომ ვცხოვრობთ მე და ჩემი მეგობრები ქუთაისში. რაც შეეხება საპატიო მოქალაქეობას, შარშან,  2 მაისს მომანიჭეს ეს საპატიო სტატუსი. იმედია,  კიდევ ბევრი რამის გავაკეთებ შევძლებ ჩვენი ქალაქისთვის,  რადგან მე ქუთაისის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.

-        რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

-         მეტ-ნაკლებად ვთვლი, ვარ წარმატებული. თუმცა, მინდა მეტი გავაკეთო. საერთოდ, სამშობლოზე ვარ ძალიან შეყვარებული. აფხაზეთიდან ჩამოვიტანე მიწა და ახლა თქვენ რომ გესაუბრებით, აფხაზეთის მიწაზე მიდგას ფეხი. ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი დედაჩემს მიუძღვის.  ჩემს სახლში ერთი  ფანჯარაა, სადაც დედაჩემი ზის და მიცდის. ახლა მე მიწევს იმ ფანჯარასთან ჯდომა და ცოტა არ იყოს,  ცუდად ვარ. განცდა ერთი მაქვს, ამდენ ხანს მამის მრცხვენოდა, ახლა შვილის მერიდება.  შუაში დგომა რთული ყოფილა.

-         რას ურჩევდით მომავალ თაობას?

-         ანატომიის ატლასში არის სისხლძარღვების განყოფილება. ადამიანის ორგანიზმს  რამდენიმე ათასი სისხლძარღვი აქვს, მაგრამ მათ შორის ვერ იპოვით იმ სისხლძარღვს,  რომელსაც შუბლის ძარღვს ვეძახით. ეს სხვა წიგნში უნდა ინახოს.  ამ ძარღვს კარგი მოვლა უნდა... წინ უნდა ვიაროთ, ქვეყანა განათლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. მაგალითად, უნივერსიტეტის შესაფასებლად არაა შენობაში შესვლა საჭირო. შუადღემდე ეზოში სამი ვედრო მზესუმზირა რომ იჭმება და გამყიდველი მეოთხე „კრუგზე“ მიდის,  ჩანს, რომ შიგნით ვერ იქნება კარგი სიტუაცია. რაც შეეხება ამ წელს და მის შეფასებას, ყველა წელი მთავრდება და იწყება. მთავარია, წინ ვიაროთ და სწორი ნაბიჯები გადავდგათ!...

 

ავტორი: ნიუპრესი