|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ყველაზე დიდი გრძნობაა, როდესაც უყურებ მადლიერ თვალებს"

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ბაძგარაძე  ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს მკურნალობს. სამედიცინო ცენტრი, რომელსაც ის ხელმძღვნელობს, წმინდა სერაფიმ საროველის სახელობისაა. კლინიკამ ცოტა ხნის წინ შეიძინა ქიმიო-თერაპიის აპარატურა.

სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელს, სოფიო ბაძგარაძეს "ნიუპრესი" ესაუბრა.

-რვა წელია მაქვს ჩემი კლინიკა, წელს ავიხდინე ოცნება და ქიმიო-თერაპიის აპარატურა შევიძინე. ახალი აპარატურით, შესაძლებელია მე-3, მე-4 ს ტიპის სტადიის სიმსივნეზე ქიმიოთერაპია, რომელსაც 4 თვეში აქვს  მაქსიმალური  ეფექტი.

კლინიკის სახელის დარქმევას უცნაური ისტორია აქვს.  ვისხედით მეგობრები და ვმსჯელობდით კლინიკის სახელზე. ჩემგან დამოუკიდებლად მომივიდა იდეა, დავარქვათ მოხუცი წმინდანის სახელი მეთქი -“საროველი“ ვიგულისხმე. ყველას გაუკვირდა, რუსი წმინდანის სახელის დარქმევის სურვილი რომ გამიჩნდა, მაგრამ ასე მოხდა.

ყველაზე უცნაური არის ის, რომ სადაც კი ჩავედი უცხოეთში და ტაძარში შევედი, ყველგან ეს ხატი დამხვდა და თან აღმოჩნდა, რომ ეს წმინდანი მკურნალი ყოფილა. მას შემდეგ ძალიან შემიყვარდა ეს ხატი. ერთხელ, ისრაელში ჩავედი, ვიდრე გოლგოთის გზას დაადგები, არის  წალკოტად  ქცეული მიწა, რომელსაც მონაზვნები 24 საათის განმავლობაში რწყავენ, იმისთვის, რომ სიმწვანე შეინარჩუნონ. იქვე იყო პატარა ეკლესია, შევედი ტაძარში და სერაფიმ საროველის ხატი დამხვდა, მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, წამომივიდა ცრემლები. ასეთივე დამემართა ბრიუსელში. ერთი ებრაელმა ქალბატონმა  მითხრა ებრაელებში უბანში გასეირნება შემომთავაზა.  მე  დავინტერესდი, მართმადიდებლური ტაძარი თუ იყო ახლოს, აღმოჩნდა, რომ იყო, შევედი  ტაძარში და წმინდა სერაფიმეს წირვა ტარდებოდა, ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის.  

 -ონკოლოგიურ დაავადებებთან გაქვთ შეხება,  ალბათ, ძალიან რთულია პაციენტს ეს დიაგნოზი  უთხრა?

-სულ ვეუბნები ჩემს პაციენტებს, რომ ის, რაც პრობლემური იყო 3 წლის წინ, დღეს  პრობლემას აღარ წარმოადენს. ძალიან სწრაფად ვითარდება მედიცინა. ჩვენზე მეტად გონიერები, სისტემატურად მუშაობენ და იგონებენ ახალ პრეპარატებს. ყველაზე დიდი გრძნობა არის ის, როდესაც უყურებ მადლიერ თვალებს და ღიმილიან პაციენტებს. არასდროს მაქვს  სურვილი ვნახო პაციენტები, რომლებიც განიკურნენ და წავიდნენ,  არ მინდა მათ ის ტკივილიანი დღეები გავახსენო, რაც ერთად გავიარეთ კლინიკაში. არ მინდა, რომ  მათ გაახსენდეთ თეთრი ხალათი.

-როგორი იყო თქვენს მიერ განვლილი გზა?

-ეს გზა ჩემთვის ვარდებით მოფენილი არ იყო, უდიდესი შრომა, ბევრი დაღმართი იყო, რომლის იქეთ ბევრი იტყოდა- აღარ გინდა, ნუღარ გააგრძელებ, ვერ შეძლებ ამას. აღარაფერი იყო ჩემს ირგვლივ, გარდა მეგობრების შეძახილების. ჩემი საქმის დიდი სიტყვარული, აი ის, პაციენტი რომ გენატრება.  ამან გამაძლებინა და მომცა დიდი მოტივაცია, რამაც აქამდე მომიყვანა.

ამ პროფესიისადმი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. ჩემი სათამოშაოებიც, ძირითადად სამედიცინო საგნები იყო, თოჯინებს ვმკურნალობდი, ვაკეთებდი ჩანაწერებს. ნათლია მყავდა ექიმი,  რომელმაც  მიკროსკოპი მაჩუქა, რამაც ძალიან გამახარა. მწერებს დავიჭერდი ხოლმე და ვნახულობდი ამ მიკროსკოპში, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო.  ახლაც შენახული მაქვს ბავშვობაში შეგროვებული ხელსაწყოები.  სახლთან ახლოს ჰოსპიტალი იყო, რომელსაც  არაჩვეულებრივი მომარაგება ქონდა. თითქმის ყველას ვიცნობდი, ზოგი სასაგნე მინას მჩუქნიდა, ზოგი ნემსებს და ასე, ვაგროვებდი  სამედიცინო ნივთებს. ხელმეორედ რომ დავიბადო, მიუხევად იმისა, რომ ძალიან რთული გზა გავიარე, მაინც ექიმობას ავირჩევდი.

თავდაპირველად აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, შემდეგ თბილისში რეზიდენტურის სამწლიანი კურსი დავასრულე ჰემატოლოგიის განხრით. თავიდან ძირითადი პროფილით ვიყავი, შემდეგ გავიარე ისევ სამწლიანი კურსი და  ჩამოვყალიბდი ექიმ-ონკოლოგად. ვარ ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი. 2 წლის წინ ავიღე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. ყოველთვის მოტივირებული ვიყავი ახლის შესწავლის, ვინაიდან მედიცინა სწრაფად ვითარდება, ამიტომ ასევე სწრაფად უნდა განვითარდეს ექიმიც.

-თქვენი პროფესიით როდის დაიწყეთ მუშაობა?

-სწავლის დასრულების შემდეგ, შავი სამუშაოდან დავიწყე ყველაფერი.  გავიარე ძალიან რთული და ეკლიანი გზა, თუმცა იგივეს გავივლიდი თავიდან, არჩევის შესაძლებლობა რომ  მქონდეს.

დავიწყე მუშაობა სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, შემდეგ  ონკოლოგიაში გავიარე რეზიდენტურა და მეგობრებთან ერთად დავაფუძნე ქართულ-ჰოლანდიური კლინიკა.

 -„ქალთა ფონდის“ ჯგუფის წევრი როდის გახდით და როგორ ახერხებთ ჯგუფში მონაწილეობას?

- 4-5 წლის წინ ქალბატონი მაკა ხეცურიანი დამიკავშირდა და გავწევრიანდი ამ კლუბში. კლუბს ძალიან ბევრი კარგი წევრი ყავს და ნამდვილად კარგ საქმეებს აკეთებენ. მე აქტიური წევრი ვერ ვარ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, თუმცა რაღაც ღონისძიებებში ვიღებ მონაწილეობას. მაგალითად, მარტის თვეში მრავალშვილიან დედებს უფასო სამედიციო  გამოკვლევა ჩავუტარეთ. ვფიქრობ, ასეთ ქალბატონებს, ვინც შენს ჯილაგს ამრავლებს, ხელი ყველამ უნდა შეუწყოს.

 - და ბოლოს რა რეკომენდაციებს მიცემდით მომავალ ექიმებს?

- პროფესიონალიზმთან ერთად ვურჩევდი პაციენტებისადმი დიდ სიყვარულს, ამის შემდეგ ყველაფერი გამოუვათ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი