ყველაზე „მომხიბვლელი“ გოგონა ქუთაისიდან (ფოტო)
ქუთაისელმა გოგონამ კონკურსში „მის საქართველო 2015“-ის ერთ-ერთი საუკეთესო ტიტული აიღო. ნანა დეისაძე ამ წლის „მის მომხიბვლელობა“ გახდა.
სამოდელო სფეროში საქმიანობის 5 წლიანი გამოცდილებისა და მიღწეული წარმატების მიუხედავად, ის მოდელობას მხოლოდ ჰობად მიიჩნევს. ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და თსუ-ში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს. „მის მომხიბვლელობა“ "ნიუპრესის" სტუმარია.
-ნანა, როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები სამოდელო სფეროში?
-პირველად 2010 წელს მივიღე მონაწილეობა "elite model look georgia"-ს კონკურსში, სადაც დიდი კონკურენცია იყო. 800 გოგონადან 10 საუკეთესოთა შორის მოვხვდი. მაშინ ვიყავი 14 წლის და ეს ჩემთვის დიდი მიღწევა იყო. 3 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე სააგენტო ”იმიჯცენტრთან”. რამდენიმე გადაღებაში და ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა, თუმცა ასაკისა და იმ ფაქტის გამო, რომ ქუთაისში ვცხოვრობდი, ვერ გამოვიყენე ეს შანსი.
-როგორ მოხვდი კონკურსზე „მის საქართველო“ და რა ეტაპები გაიარე ფინალამდე?
-„მის საქართველო“ ყველასთვის ცნობილი კონკურსია. ძალიან მომწონდა ყოველთვის, თუმცა მონაწილეობას ვერ ვბედავდი. ახლაც ბევრი ყოყმანის შემდეგ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები. შერჩევის დღიდან დავიწყეთ მზადება, ეს იყო სიარულის და პოზირების გაკვეთილები. გასვლითი ტურები გვქონდა ქუთაისში, კახეთში და ბოლოს, უკვე ბათუმში. ყველგან დიდ დროს და ენერგიას ვხარჯავდით, ძალიანაც ვიღლებოდით, თუმცა ეს ყველაფერი მაინც სასიამოვნო იყო.
-რა მოგცა ამ კონკურსმა?
-პირველ რიგში, გამოცდილება - ეს იყო ხალხთან ურთიერთობა, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა, სითამამე, მეტი თავდაჯერებულობა. პოპულარობა, ალბათ, უფრო ნაკლებად, თუმცა თვითონ კონკურსის დროს ძალიან გაიზარდა ყურადღება უცნობი ადამიანებისაგან, როგორც ინტერნეტსივრცეში, ასევე ცხოვრებაში.
-თუ ელოდი ამ ტიტულს?
- ეს ტიტული განსაკუთრებით გამიხარდა. ვფიქრობ, კარგ ნომინაციაში გავიმარჯვე. სულ, თუ არ ვცდები, 15 ნომინაცია იყო და რომელიმეს აღების იმედი მქონდა, მაგრამ ამ ტიტულის მოპოვება საოცრად სასიამოვნო იყო.
-კონკურსის შემდეგ თუ არის ახალი შემოთავაზებები და გეგმები ამ მხრივ?
-ისევ მაქვს სააგენტოსთან 3 წლიანი კონტრაქტი, რაც გულისხმობს ქასთინგებში მონაწილეობას და საკუთარი კარიერის შექმნას.
ავტორი: მარუსა ხურციძე