ზაზა ლომინაძე: მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვიყო წარმოდგენილი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში
მე ამაყი ვარ დღეს, რომ ვდგავარ აქ, თქვენთან ერთად და მაქვს უფლება ვიყო წარმოდგენილი ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. განაცხადა “ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ ქუთაისში, მის წარდგენაზე.
?ჩემთვის, როგორც ქუთაისელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბრძოლაში თქვენთან, ჩემს ქუთაისელებთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შევდივარ და აუცილებლად 31 ოქტომბერს თქვენთან ერთად გავიმარჯვებთ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ქუთაისში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული და სოციალურ- საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა და მკაფიოდ გამოიხატა ჩვენი ქალაქის, როგორც საგანმანათლებლო ცენტრის მნიშვნელობა. ამის მაგალითია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელმაც პირველი სტუდენტები უკვე მიიღო. მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ეს არის მაჩვენებელი, საწინდარი და გარანტი იმისა, რომ ქუთაისი გელათის აკადემიის მემკვიდრეობის ღირსეულად გააგრძელებს. მე ექიმი ვარ, გულის ექიმი, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე. ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, ვუსმენთ ერთმანეთის გულის ცემას და ქალაქის გულის ცემას. მინდა დაგარწმუნოთ და გითხრათ, რომ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენი ქალაქი საუკუნეების მანძილზე იყო და არის დონორი მთელი ქვეყნის ხელოვნების, განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში. მინდა მივესალმო ყველა ამ სფეროს წარმომადგენელს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან. მივესალმები ჩვენს სპორტსმენებს, ქუთაისელ, გამოჩენილ სპორტსმენებს, რომლებიც ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები არიან და მინდა მათ მომავალი წარმატებები ვუსურვო, მივმართო და ვუთხრა, რომ ქართული სპორტის მხარდაჭერა ჩვენი გუნდისა და ჩემს მიერ მომავალშიც აუცილებლად, უპირობოდ გაგრძელდება. მივესალმები ახალგაზრდებს - განათლებული, გონიერი, პრინციპული, უკომპრომისო თაობაა და მათი ენერგია ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ქუთაისისთვის 2021 წელი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ევროპის საბჭოს ტურისტული, კულტურული მარშრუტების რიგით XI-ე საერთაშორისო ფორუმს ქუთაისი უმასპინძლებს და მინდა მოგილოცოთ ეს დიდი წარმატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს 30- მდე ქალაქში სრულდება პირდაპირი ავიამიმოსვლები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას ჩვენს რეგიონში.
მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განთავსდება. ეს იქნება რეგიონში ერთადერთი და უნიკალური ცენტრი, სადაც მკურნალობის პარალელურად წარიმართება მაღალი რანგის სამეცნიერო კვლევითი პროექტები და სამეცნიერო მუშაობა, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.
ქალაქის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ქუთაისის გრძელვადიანი და ფუნდამენტური განვითარებისათვის. მინდა გითხრათ, რომ სულ მალე ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმა გვექნება. მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის თანამედროვე ლოჯისტიკური ცენტრების განვითარებისათვის, რაც ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრას. "ქართული ოცნების" გუნდი განვითარების სწორ გზაზეა და აქვს მომავლის ხედვა, უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევათა შორის კოვიდ-19-საც წარმატებით გაუმკლავდეს. თქვენი მხარდაჭერის შედეგად უკვე საქართველოს პარლამენტიდან ვიზრუნებ თქვენზე და ჩემს უსაყვარლეს ქუთაისზე. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. ერთად ქუთაისის წარმატებისათვის, ერთად საქართველოს წარმატებისათვის", -განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ავტორი: ნიუპრესი