ზაზა ლომინაძე: ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა
ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ეს განცხადება ,,ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, ოპონენტები ხელოვნურად ცდილობენ გაამწვავონ სიტუაცია.
,,ქუთაისში წინაასარჩევნო პერიოდიც და არჩევნებიც მშვიდობიან და სამართლიან გარემოში ჩატარდა. არჩევნები ჩატარდა დემოკრატიული პრინციპების და წესების დაცვით, რომელიც აღიარეს საუბნო კომისიის წევრებმა ოპოზიციური პარტიებიდან, რისი დასტურიცაა მათი ხელმოწერები ოქმებზე. 74 000 ბიულეტენიდან ერთადერთ ბიულეტენში იქნა შეცდომა აღმოჩენილი, რომელიც იმავე დღეს ჩასწორდა. ამასთანავე, საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული და თავისუფალი იყო. ყოველივე ამის ფონზე, ოპონენტები ცდილობენ ხელოვნურად გაამწვავონ სიტუაცია. ამისთვის მათი პარტიული ტელევიზიებისთვის პირდაპირ ეთერში იდგმება არეულობის სპექტაკლები და იქმნება ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს მთელი საქართველო იქ არის, რათა როგორმე საპროტესტო მუხტის იმიტაცია შექმნან. დღეს, ქუთაისის საარჩევნო საოლქო კომისიასთან გამართული აქცია იყო მხოლოდ და მხოლოდ გამოძახილი ოპოზიციური პარტიების მცდელობისა - ჩაშალონ ცესკოს და საოლქო კომისიების მუშაობა, არ მისცენ შემაჯამებელი ოქმების შედგენის საშუალება. ამისთვის რაიონებიდან ჩამოიყვანეს ახალგაზრდები, რომლებმაც ნამდვილად არ იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ. ისინი არ იცავდნენ უსაფრთხოების არცერთ ზომას. პირადად მე და პარტია „ქართული ოცნება“, ნებისმიერ ეტაპზე , მზად ვართ ჩვენს ოპონენტებთან ერთად განვიხილოთ ყველა მათი პრეტენზია, მოსაზრება, გავმართოთ დიალოგი, ოღონდ არა ქუჩაში და არა დესტრუქციულად",-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ავტორი: ნიუპრესი