ზესტაფონი-არგვეთას მონაკვეთი 2024 წელს დასრულდება - ირაკლი ქარსელაძე
ზესტაფონი-არგვეთას მონაკვეთი, ისევე ვროგორც მთლიანად რიკოთი 2024 წელს დასრულდება - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი.
„რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში, შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს შორაპანი-არგვეთაზე მონაკვეთზე, თამამად შეიძლება თქმა, რომ 2024 წელს ეს მონაკვეთი, ისევე როგორც რიკოთი, იქნება უკვე დასრულებული. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ეს ბოლო მონაკვეთი, რომელიც ზესტაფონის შემოვლით გზას გულისხმობს, რომელიც მნიშვნელოვნდად დაეხმარება განტვირთოს ის გამოწვევები, რომელიც ამ მონაკვეთზე არსებობს“, - განაცხადა ქარსელაძემ.
ავტორი: ნიუპრესი