ზესტაფონში ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი, 1975 წელს დაბადებული ხ.ს. ზესტაფონში დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ხ.ს. აღიარებს „ქურდულ სამყაროს“. იგი, ძმასთან, უცხოეთში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდთან“ - ფრიდონ სულაქველიძესთან (მეტსახელად „პაწუა“) ერთად მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ქურდული სამყაროს სხვა წევრებთან. ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრებს ძმები აძლევდნენ დავალებებს და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
სამართალდამცველების მიერ, ხ.ს. მიმდინარე წლის 18 ივნისიდან, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა. ხ.ს.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მას სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამჟამად, დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი