ზესტაფონში ტრადიცული სიმღერის ფესტივალი „სულიკო 2022“ გაიმართა
ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის განახლებულმა თეატრონმა ხალხური და ლირიული სიმღერების ფესტივალს ,,სულიკო” უმასპინძლა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განახლებულ სივრცეში მსმენელთა წინაშე, იმერეთის რეგიონის მუსიკალური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარდგნენ.
,,ევროკავშირის დაფინანსებით ჩვენ შევძელით სრული რეაბილიტაცია ჩაგვეტარებინა ზესტაფონის, სოფელ ცხრაწყაროში ამფითეატრისთვის, რომელიც დღეს მასპინძლობს ფესტივალს. აღნიშნული მუსიკალური ფესტივალი ოთხი ათეული წლის განმავლობაში იმართება ზესტაფონში. წელს მოგვეცა საშუალება და ფესტივალი საზოგადოებას ახალი ფორმატით წარვუდგინეთ, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს გავიხსენოთ ძველი მივიწყებული სიმღერები და აღმოვაჩინოთ ახალი ტალანტები იმერეთში“- ზვიად შალამბერიძე. ფესტივალის გრანპრი ანსამბლმა ,,ზესტაფონი“, ხოლო პირველი ადგილი ანსამბლმა "ხარაგაულის ხმები" მოიპოვეს. ასევე გამარჯვებულები გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციებში. მონაწილეებს პროფესიული ჟიური აფასებდა. ფესტივალს 1981 წელს ჩაეყარა საფუძველი და მიზანი ქართული ხალხური სიმღერის, ლირიული და ქართველ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ქალაქური სიმღერების პოპულარიზაციაა. დღესვე, ღონისძიების ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან და ზესტაფონის მერ ვასილ გველესიანთან ერთად, ვარინკა მაჭავარიანი - წერეთლის სახელობის სკვერში მდებარე ბიუსტი გვირგვინით შეამკო.
ავტორი: ნიუპრესი