|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები, ადიდდა მდინარეები და დააზიანა საავტომობილო გზები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია.

სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

ამ დროისთვის ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ელექტროენერგია არ მიეწოდება ღების, ჭიორის, გლოლის და საკაოს ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან დაზარალებულ უბნებში და ადგილზე ეცნობიან ვითარებას. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, მოხდება ზარალის აღწერა, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ავტორი: