სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ხვალ წარედგინება
სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატ ზურაბ ზვიადაურს ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება. ამ დროისთვის ზურაბ ზვიადაური თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია.
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა მაგდა კოტრიკაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ როგორც ზვიადაური, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი დუმილის უფლებას იყენებენ. მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე საჯარო სივრცეში ღიად საუბარი სწორ პოზიციად არ მიაჩნია.
შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანი გუშინ მოკლეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამასთან, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯანგირაშვილი დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი