|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მრავალათასიანი ტენდერები და ძველი წიგნები ქუთაისის ბიბლიოთეკებში

ქალაქის ბიბლიოთეკებში, როგორც საჯარო, ასევე  მის ფილიალებში ახალი წიგნების დეფიციტის შესახებ საუბარი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც  სოციალურ ქსელში „ბიბლუსი გალერეას“ გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.  საჭირო ორი ათასი ხელმოწერაც  უკვე შეგროვდა და  როგორც იდეის ავტორი, ანტონ  სინატაშვილი განმარტავს,   ახლა გადაწვეტილება  "ბიბლუსის" წარმომადგენლემა უნდა მიიღონ.

”ალბათ, საჯარო ბიბლიოთეკაში შესვლისას შეგინიშნავთ, რომ ახალგამოცემული წიგნების დეფიციტია, ვერ გიპოვიათ თქვენთვის სასურველი თანამედროვე ავტორის წიგნი, რადგან ბიბლიოთეკას ის ჯერ არ მიუღია“,–ამ შინაარსის შემცველი განცხადებით  ხსნიდა  ქუთაისში „ბიბლუსი გალერეის“ საჭიროებას მისი გახსნის ინიციატორი. 

ეს განცხადება ბიბლიოთეკის შეურაცხყოფად მიიჩნია ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა  ნარგიზ ჩოგოვაძემ: "იმის მტკიცება, რომ გალერეის გახსნა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ბიბლიოთეკებში წიგნები არ არის,  შეურაცხმყოფელია. დაახლოებით მილიონი წიგნია ჩვენს საცავში, რასაც დაემატება ფილიალებში არსებული წიგნები. 12 ფილიალი გვაქვს და ყოველთვის ხდება მათი განახლება ახალი წიგნებით. არ ვამბობთ, რომ ყველა წიგნია. არის შემთხვევები, როდესაც არ გვქონია რაიმე წიგნი, მაგრამ ეს არც თუ ხშირად ხდება და ამაში გასაკვირი არაფერია. უნიკალური წიგნებია ჩვენს ბიბლიოთეკაში და ვისთვის აღმოჩნდა არასაკმარისი,  ცოტა გაუგებარია", –აცხადებს ჩოგოვაძე. მისი თქმით, ბიბლიოთეკა ახალი წიგნების შესაძენად ტენდერს წელიწადში ორჯერ აცხადეს, თუმცა,  ყოფილა შემთხვევა, რომ საყიდელი  წიგნები ვერ მოუპოვებიათ.

"რამდენიმე ათასიან ტენდერს ვაცხადებთ, წელიწადში ორჯერ.  ხდება განახლება, ახალი წიგნების შეძენა. ზოგჯერ ვეძებთ წიგნებს, რომ ტენდერში ჩავუშვათ და შევიძინოთ, მაგრამ ფიზიკურად არ არის, არ იბეჭდება ახალი წიგნები. ჩვენ არც წიგნი გვაკლია და არც მკითხველი, მაგრამ ბიბლიოთეკის ხარჯზე ნუ ცდილობენ პიარის გაკეთებას", – განაცხადა ნარგიზ ჩოგოვაძემ.

მისი განზრახვა  ბიბლიოთეკის შეურაცხყოფა რომ არ იყო, ადასტურებს განცხადების ავტორი.  ანტონ  სინატაშვილის  თქმით, მანიფესტის იდეა ვინმეს, მით უმეტეს, ბიბლიოთეკის  შეურაცხყოფა არ ყოფილა.

"უნდა გაიხსნას ”ბიბლუსი გალერეა”, სადაც მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ახალ გამოცემებს, წაიკითხონ წიგნები და ისიამოვნონ გარემოთი. თბილისში ყოფნის დროს აღმოვაჩინე "ბიბლუსი გალერეა" ადგილი, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს უსასყიდლოდ გაეცნოს სასურველ  წიგნს. გამიჩნდა სურვილი, ქუთაისშიც ყოფილიყო. დავწერე პოსტი და გავაკეთე პეტიცია. ეს ჩემი სურვილით გავაკეთე და ამის მერე დამიკავშირდა "ბიბლუსის" წარმომადგენლობა. ამ განცხადებით, არავისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ მდომებია,.  მით უმეტეს ბიბლიოთეკის. არ მესმის, რატომ ეწყინათ.  ახალი გამოცემები რომ გამოდის,  ბიბლიოთეკებში თვეების მერე, ან საერთოდ არ შედის. ამას ემატება გადასახადი რეგისტრაციის, რაც შეიძლება იმ წუთას არ გაქვს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მკითხველს შესაძლებლობა ექნება,  სასურველი წიგნი თანხის გარეშე წაიკითხოს"–განაცხადა ანტონ სინატაშვილმა.

ბიბლიოთეკაში წიგნების დეფიციტზე გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს შალვა კაკაბაძე,. რომელიც ბიბლიოთეკის აქტიური მკითხველია. მისი განცხადებით, დაინტერესებული ადამიანი ბიბლიოთეკაში ყველა წიგნს მოიძიებს. „მე, რამდენიმე წელია, ბიბლიოთეკის მკითხველი ვარ. თავიდან უნივერსიტეტში დამჭირდა რაღაც წიგნები და ბიბლიოთეკაში   დავიწყე სიარული, თუმცა ამის მერე სხვა წიგნებზე გადავედი და დღემდე ასეა. პირადად, არ მქონია შემთხვევა, წიგნი დამჭირვებოდა და ბიბლიოთეკაში ვერ დამხმარებოდნენ,“ გვითხრა მან.

საჯარო ბიბლიოთეკის ფილიალებში წიგნების  რთულ მდგომარეობაზე საუბრობს ადგილობრივი  შორენა ცერცვაძე, რომლის განცხადებითაც, არ ხდება წიგნების განახლება.

„ვცდილობ, ბავშვებს წიგნი შევაყვარო, ვაძალებ, ლიტერატურა იკითხონ. ერთად ვარჩევთ, რა წიგნია მათ ასაკში უკეთესი რომ ბიბლიოთეკიდან გავიტანოთ. არ ვამბობ, რომ წიგნი არ არის ბიბლიოთეკაში, მაგრამ ძველი და დაზიანებულია.ზოგი წიგნი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ  ბავშვმა არ წაიკითხა. კარგი იქნება, თუ ახალი გამოცემები შეძენა მოხდება, არა მხოლოდ ახალი ნაწარმოებების, არამედ ცნობილი წიგნების ახალი გამოცემების“– აცხადებს შორენა ცერცვაძე.

 თუ რატომ არ ხდება წიგნების განახლება, ამაზე ერთ-ერთი ფილიალის წარმომადგენელსაც გავესაუბრეთ. ქალბატონმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებთ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ისეთი წიგნების შეძენა ხდება, რომელზეც მოთხოვნა ნაკლებადაა, ის წიგნები კი, რომელსაც მკითხველი მართლა ითხოვს და ეძებს, არ შემოდის.

თუ როგორ ხდება გამოსაწერი ლიტერატურის შერჩევა და რამდენად ითვალისწინებენ მკითხველის მოთხოვნას,  ამაზე „ახალი გაზეთის“ შეკითხვას საჯარო ბიბლიოთეკიდან უპასუხეს. „სისტემატურად ხდება იმ წიგნების აღრიცხვა, რომელიც ბიბლიოთეკაში არ გვაქვს. დგება სიები და ვდებთ ტენდერში. აგრეთვე, გამომცემლობებისგან ყოველთვის ვიღებთ უახლეს კატალოგებს და ვარჩევთ საჭირო ლიტერატურას: მხატვრულს, პროფილურს და ა.შ. რაც შეეხება ძველ წიგნებს, მოძველებული, წასაკითხად უვარგისი წიგნების ჩამოწერა ხდება.  რომელთა რესტავრაციაც შესაძლებელია, იმ წიგნებს რესტავრაციის განყოფილება მუდმივად ანახლებას.  ეს ერთიანად ხდება როგორც საჯარო ბიბლიოთეკაში, ასევე ფილიალებშიც“. 

საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, 2016 წელს  წიგნების შეძენისათვის ბიუჯეტიდან  გამოყოფილია 19 170 ლარი, რომლის ნაწილი უკვე გახარჯულია. ციცი ჯინჯიხაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რაოდენობის წიგნები ბიბლიოთეკამ  სამი თვის წინ შეიძინა.

 ქუთაისის ილია ჭავჭვაძის სახელობის ბიბლიოთეკა ქუთაისის მერიის ააიპს წარმოადგენს და ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბიბლიოთეკის ფილიალები მუნიციპალიტეტების მიხედვით არის გადანაწილებული.  წელს ბიბლიოთეკების დაფინანსება გაიზარდა და 740 000 ლარი გახდა. ბიბლიოთეკებს 138 თანამშრომელი ჰყავს. თანხის დიდი ნაწილი 664 200 ხელფასებზე მოდის, დანარჩენი კომუნალურ გადასახადებზებზე.  ბიბლიოთეკას აქვს თავისი შემოსავლებიც,  თუმცა, როგორც აგვიხსნეს, ეს მიზერული თანხაა და  ამით წიგნების შეძენა არ ხდება.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი