|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სადავო მშენებლობას ოცხელის სახლ-მუზეუმთან 12 ძირი მრავალწლოვანი ხე ეწირება"

ქუთაისში, თამარ მეფის პირველი ჩიხის, #7 ბინის მცხოვრებლები მრავალწლოვანი ხეების მოჭრისა და მათი სკვერის განადგურების საფრთხეზე საუბრობენ. მოსახლეობის განცხადებით, ტერიტორია, რომელიც მათი ამხანაგობის საკუთრება იყო, კერძო ინტერესს შეიძლება შეეწიროს. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მერიამ და სასამართლო გადაწყვეტილება ისე გამოიტანა, ადგილზე არავინ მისულა.

ე.წ. ექიმების კორპუსის ბინადრების განცხადებით, მათი კორპუსი 1974 წელს აშენდა. იმ დრომდე ადგილზე იყო კოოპერატივები და საწყობები, რომლითაც მარაგდებოდა ქალაქის ბაგა-ბაღები, შემდგომ მოსახლეობის მოთხოვნით ადგილზე 4 სართულიანი კორპუსი აშენდა. შენობები დაინგრა და მის ადგილზე სკვერი მოეწყო. კორპუსის ეზოსა და კერძო მოსახლეს შორის არსებობდა 4 მეტრი სიმაღლის ქვის ღობე, რომელიც კერძო მოსახლის, წარმოშობით ებრაელი ელიგულაშვილების თხოვნით დადაბლდა.

"ადგილზე კორპუსი რომ აშენდა, ძველი საწყობები დაინგრა. მოსახლეობის მიერ  სკვერი გაშენდა და დაირგო ხეები. ამ ხეების შეძენის ქვითარიც კი გვაქვს შენახული, რომ ნამდვილად ჩვენს მიერ დაირგო და არა სახელმწიფოს მიერ. ჩვენს მოსაზღვრესთან იყო 4 მეტრიანი ღობე, ვინაიდან დაბალ ადგილზე ქონდა სახლი აშენებული, ამიტომ ეზოში მზის შუქის პრობლემა ქონდათ. მათი თხოვნით, ჩვენ ღობე დავადაბლეთ და რას ვიფიქრებდით, თუ ჩვენს საზიანოდ მოხდებოდა", - განაცხადა ციცინო მაჩიტაძემ, რომელიც ერთ-ერთი დამპროექტებელია კორპუსის. ის წლების წინ თავად მუშაობდა პროექტზე.

მოგვაინებით, ელიგულაშვილების ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში წავიდა, დედამ ქონება შვილზე ძველი ნახაზით გადააფორმა, ისე, რომ იმ დროისთვის მეზობლებთან არანაირი პრობლემა არ ქონია.

"დედამ შვილს გადაუფორმა სახლი, ძველი ნახაზით და არც უთქვამთ, რომ სადაო ტერიტორია არსებობდა. გადაფორმება მოხდა 2008 წელს, 2012 წელს კი შვილი ცეზარ ელიგულაშვილი, სამშენებლო კომპანიის ჩარევით დაბრუნდა საქართველოში, საჯარო რეესტრში მივიდა და ახალი ნახაზის გაკეთება მოითხოვა. ადრე როგორ ხდებოდა ნახაზის გაკეთება, ალბათ, ყველა ახსოვს. სწორი ხაზი ივლებოდა და რამდენიმე სანტიმეტრიანი ცდომილება შეიძლება ყოფილიყო.  ასე იყო პირვანდელ ნახაზში, საკადასტრო ხაზი გაივლო ისე, რომ ელიგულაშვილების დაახლოებით 20 სმ ფართობი მოხვდა ღობის მეორე მხარეს. ეს ცდომილება მოიმიზეზა რეესტრმა და შეადგინა ახალი ნახაზი, რომლითაც ელიგულაშვილებს 74 კვ. მეტრი ფართობი დაუმტკიცდა ისე, რომ ჩვენ ამის შესახებ არ ვიცოდით. საჯარო რეესტრმა არ მოითხოვა მეზობლების ნებართა, არ გაესაუბრა ადგილობრივებს, ხომ არ იყო რაიმე პრობლემა და ისე შეადგინა ახალი ნახაზი", - განაცხადა ლია ჩხაბერიძემ .

კორპუსის ამხანაგობა "მშვიდობის" წევრებმა საქმის შესასწავლად სასამართლოს მიმართეს. მაგრამ, მათი განცხადებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მათი გამამტყუნებელი განაჩენი, ისე გამოიტანა, რომ ადგილის დათვალიერება არ მომხდარა.

"სასამართლომ გამოიტანა განაჩენი და გაგვამტყუნა, ისე რომ მოსამართლე გენადი მაკარიძე არც დაინტერესებულა, რა ხდებოდა ადგილზე, არ მომხდარა შესწავლა და ასე ცალსახად გამოიტანა განაჩენი. საქმე არ შეუსწავლია მერიას, ისე გაიცა ნებართვა, მაგრამ რატომ შეისწავლიდა, როდესაც ჩვენი ინფორმაციით, ქალაქის მერის ინტერსია და ეჩქარებათ, მალე დაიწყონ მშენებლობა", - განაცხადა ლია ჩხაბერიძემ.

ადგილობრივებმა სარჩელი სააპელაცოში გაასაჩივრეს და სასამართლო პროცესებს ელოდებიან.

ტერიტორია ორმაგად პრობლემური იმიტომ გახდა, რომ მშენებლობის გამო 12 ძირი მრავალწლოვანი ხე უნდა მოიჭრას, განადგურდეს სკვერი.

"პრობლემა ის არის, რომ ადგილი არის ჩიხში, სხვა მისასვლელი არ არის, ამიტომ ჭირდებათ ჩვენი ტერიტორია. ერთი სახლი უკვე შეიძინეს და ფართისთვის ისრაელიდან ჩამოიყვანეს ცეზარ ელიგულაშვილი, რომელთანაც ჯერ ფასზე ვერ შეტანხმდნენ, ასევე ჩვენ შევუქმენით პრობლემა და ვერ დაიწყო მშენებლობა. თუ მათ დაიმტკიცეს, შესაბამისად ეს ხეები მოიჭრებდა და რა გამოდის, ჩვენ მწვანე ზოლის ნაცვლად გვრჩება მრავალსართულიანი კორპუსი. ამ ადგილის ხიბლი ეს არის და ამიტომ ვუვლიდით ამ სკვერს.  არ დავუშვებთ ჩვენი ხეები მოიჭრას. როგორც თვითონ ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია მისია, რატომ თავის დროზე, მისმა წინაპრებმა არ მოითხოვეს და რატომ არ გადმოწიეს ჭიშკარი გზის პირას? მაგრამ ეს არის ჩიხი და წარმოუდგენელია ეს ტერიტორია მათ ეზოში მოექცეს. 

ასევე პრობლემა არის ის, რომ ამ ადგილას მიწისქვეშა წყლებია და მშენებლობისას გარკვეულ პრობლემების უქმნის. წლების წინ ეს კორპუსი არ აგვაშენებინეს ხუთსართულიანი და მხოლოდ 4 სართულზე გაიცა ნებართვა. ესენი როგორ ბედავენ 7 სართულიანის მშენებლობას? საერთოდ, არაპროფესიონალურად ხდება ყველაფერი"-განაცხადა ლია ჩხაბერიძემ.

 

გარდა ხეების მოჭრისა, პრობლემა არის ის, რომ ტერიტორია შედის ქალაქ-მუზეუმის ფარგლებში და იქ მსგავსი მშენებლობები შესწავლის გარეშე არ ხდება, ასევე პრობლემას წარმოადგენს, ელიგულაშვილების სახლის წინ მდებარე, საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის სახლ-მუზეუმი. სწორედ ამ მუზეუმის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ რაიმე სახის მშენებლობა დაუშვებლად მიიჩნია და ადგილის შესწავლა მოითხოვა. მოსახლეობის თქმით, მათ აქვთ სააგენტოს ბრძანება, თუმცა სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა. ადგილობრივებმა წერილობით მიმართეს პროკურატურას და პრემიერ-მინისტრს.

მოსახლეობა აცხადებს, რომ მერიამ თანხმობა გასცა სამშენებლო კომპანიის მიერ შედგენილ პროექტზე და შესაბამისად, მხარი დაუჭირა იმასაც, რომ ხეები მოიჭრება.

მერიაში განმარტავენ, რომ ადგილზე მხოლოდ მიწის გამოყენების ნებართვა გაიცა.

"ამ მისამართზე არ გაცემულა მშენებლობის ნებართვა, გაიცა მხოლოდ მიწის გამოყენების ნებართა. მშენებლობის ნებართვას, გავცემთ მას შემდეგ, რაც კომპანია წარმოადგენს ყველა საბუთს, მათ შორის მეზობლების თანხმობას",- განმარტავს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი, რომლის თქმითაც, ბრალდება მერის ინტესებთან დაკავშირებით არასწორია, რადგან, მერია ცდილობს არ გასცეს ნებართვა, ვიდრე ყველა დოკუმენტი არ შეგროვდება და არ ცდილობს პროცესის დაჩქარებას.

ადგილობრივების ინფორმაციით,  მშენებლობას კომპანია "ინ თაუნი გეგმავს". საჯარო რეესტრის მონაცეებით, კომპანია 2016 წლის დეკემბერში არის დარეგისტრირებული.

დაგეგმილი მშენებლობის გამო ხეების მოჭრას არ ადასტურებენ შპს "ინ თაუნში". შპს-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ მას ელიგულაშვილის ეზო არ შეუძენია და შესაბამისად, მისი მშენებლობის გამო ხეები ვერ მოიჭრება.

"არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივები, რადგან მათ იციან, რომ მე ელიგულაშვილის ტერიტორია არ შემიძენია. შევიძინე ორი მეზობლის ადგილი, ვგეგმავდი ელიგულაშვილის ტერიტორიის შეძენასაც, მაგრამ ფასზე ვერ მოვრიგდით. ამიტომ, მე სხვა ტერიტორიაზე ვაშენებ კორპუსს, რომელიც იქნება ხუთსართულიანი, მანსარდით და მიწისქვეშა პარკინგით. ასეთი ადგილი რომ არის,  ხეები და გაწვანება,  მაგიტომ ვაშენდებ აქ კორპუსს, რომელშიც ვაპირებ ცხოვრებას.  თავად ვიქნები წინააღმდეგი ხეების მოჭრის. ეს არის კორპუსი, რომელიც იქნება შესაბამისობაში გარემოსთან და ის ფაქტი, რომ ქალაქ-მუზეუმია,  არ გვიშლის ხუთსართულიანი კოპრუსის მშენებლობას. არც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გვეუბნება უარს და არც მერიას გაუცია ხეების მოჭრის ნებართვა. ადგილობრივებმა კარგად იციან ეს. მათ სხვა დავა აქვთ ელიგულაშვილთან და ჩემს მშენებლობას ნუ უკავშირებენ. არ მჭირდება მათი ადგილი ტექნიკის შესაყვანად, რადგან დღეს თანამედროვე ტექნიკით   შორი მანძილიდანაც შესაძებელია ბეტონის ჩასხმა, თუმცა არცაა ამის პრობლემა, კორპუსს საკუთარი ეზოც რჩება და გამწავანებაც. ელიგულაშვილის ტერიტორიაც ამიტომ მინდოდა, რომ რეკრეაციული ზონა და ატრაქციონები მომეწყო"-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა დავით ფოცხვერიამ. 

 

ფოტოზე:  დაგეგმილი მშენებლობის პროექტი

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა