|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"მშიერი ცხოველები ვოლიერებში ერთმანეთს კბენენ"-პრობლემები ქუთაისში ცხოველთა თავშესაფარში

ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისში  კერძო თავშესაფარში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, თავშესაფარი, რომელიც წყალწითელაზე მდებარეობს, ცხოველების მოვლის ნაცვლად, მათ წამებას ემსახურება.

ლაჭყეპიანის ინფორმაციით, შპს "იმერეთი ჯგუფი" ოთხ მუნიციპალიტეტს: საჩხერეს, ჭიათურას, ბორჯომს და ზუგდიდს ემსახურება და მათი ბიუჯეტი 60 ათას ლარს აღწევს.

"თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს ემსახურებოდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი დარჩა.  ცხოველები მოყავთ მუნიციპალიტეტებიდან, მათ კასტრაცია და აცრა უნდა უტარდებოდეთ და აბრუნებდნენ მუნიციპალიტეტებში, მაგრამ არავინ იცის, სად მიყავთ ეს ცხოველები. გვაქვს ინფორმაცია, რომ კლავენ. საშინელ პირობებში არიან ძაღლები, რამდენჯერმე არიან დაჯარიმებული, მაგრამ იმდენად მიზერულია თანხა, რომ კვლავ აგრძელებენ. ძაღლები ერთმანეთს კბენენ ვოლიერებში, რადგან მშივრები არიან, ქუჩაში უკეთეს პირობებში არიან ცხოველები. გაბერილ თანხებს იღებენ მუნიციპალიტეტებიდან და რეალურად არაფერს აკეთებენ. ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ერთკვირიანი ვადა  მივეცით. თუ არ დახურავენ თავშესაფარს, რადიკალურ ზომებს მივმართავთ", -აცხადებს ლაჭყეპიანი.

მისი თქმით, კომპანიის მფლობელად ზვიად ამყოლაძეა გაფორმებული, თუმცა აცხადებს, რომ რეალური მფლობელი ზურაბ გორგასლიძეა, რომელიც განკარგავს ბიუჯეტს, ასევე  წილში  ჭიათურის დასუფთავების სამსახურის უფროსია. ბრალდებებს არ ადასტურებენ თავშესაფარში, როგორც თანამშრომელმა გვითხრა, ცხოველები კარგ პირობებში ყავთ.

"ჩვენ გვყავს მონიტორინგი, რამდენიმე დღის წინაც შეგვამოწმა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. ძაღლები ვოლიერებში იმყოფებიან ყველა სტანდარტიც დაცვით. დღეში სამჯერ ვაჭმევთ 200-200 გრამ საჭმელს. ვერავინ იტყვის, რომ ცხოველები ჩვენ გაუსაძლის პირობებში გვყავს. დეზინფორმაციას ავრცელებენ ცხოველთა დამცველები,"- აცხადებენ თავშესაფარში.

 ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნულმა სააგენტოს, რომლის პასუხსაც მოკლე ხანში მოგაწვდით. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი