|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სტიქიით მიყენებული ზარალი მხოლოდ 25 ოჯახს აუნაზღაურდება

იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ქუთაისის მერიიდან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მიიღებს,  25-მდე შემცირდა, ამის შესახებ "ნიუპრესს"  ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განუცხადა.

"125 დაზარალებული ოჯახიდან, რომელთაც, როგორც ინფრასტრუქტურული,  ასევე ქონებრივი ზარალი მიადგათ, 25 ოჯახს აუნაზღაურდება ქონებრივი ზარალი, დანარჩენ შემთხვევაში ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც იყო, წყლის ამოტუმბვა თუ გაწმენდა, ოჯახებს ამ მხრივ დავეხმარეთ,"-აღნიშნა ჯონი არაბიძემ.

მისი თქმით, 12 ოჯახი აღმოჩნდა კახიანაურის მუნიციპალიტეტში, რომელსაც აუნაზღაურდება ქონებრივი ზარალი, 7- ქალაქ-მუზეუმში, უქიმერიონში -4, ავტოქარხანაში 1, საფიჩხიაზე ასევე 1 ოჯახი. დაზარალებულს საოჯახო ნივთები და ელექტროტექნიკა დაუზიანდათ.

ქუთაისის მერია ზარალის ასანაზღაურებლად 12 500 ლარს გამოყოფს, თითოეული ოჯახი თანხას 500 ლარის ოდენობით მიიღებს. 

შეგახსენებთ, 28-29 სექტემბერს ქუთაისში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას ზარალი მიაყენა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მერიის ცხელ ხაზზე 300-მდე შეტყობინება შევიდა. 

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ქუთაისში  28-29 სექტემბერს მოსული ნალექების რაოდენობამ 104 მმ შეადგინა, რაც სტიქიურ  მოვლენად შეფასდა. სექტემბრის თვის კლიმატური ნორმა ქუთაისისთვის 111, 5 მმ-ს შეადგენს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა