|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს 50-მდე ობიექტის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა

იმ შენობებისა და მიწის ნაკვეთების ჩამონათვალი, რომლის ქალაქისათვის უკან დაბრუნების მოთხოვნით ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს  მიმართა, საკმაოდ ვრცელია. 

ეკონომიკის სამინისტროდან გიორგი ჭიღვარიას მერობის პერიოდში გამოთხოვილი შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების ნუსხის მოთხოვით ქუთაისის მერიას "ნიუპრესმა" მიმართა.

მიღებული საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ გამოთხოვილ შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების რაოდენობა, რომელიც მერიამ 2018-19 წლებში გამოითხოვა, 50-მდეა.  აქედან მერიამ თანხმობა 25 მათგანზე მიიღო, 4 ობიექტზე პასუხი ჯერ მიღებული არ არის, ხოლო დანარჩენზე პასუხი უარყოფითია.

გასულ წელს ქუთაისის მერიას უარი ეთქვა სადგურის მოედანზე #3 არსებულ შენობის მესამე სართულის გადმოცემაზე (25.09. 2018 წ), უფრო ადრე კი, 24 მაისს სამინისტრომ ქალაქს უარით უპასუხა ამავე მისამართზე არსებული შენობის მეოთხე და მეხუთე სართულის გადმოცემაზე. მერიამ ეკონომიკის სამინისტროს სადგურის მოედანზე გადმოსაცემი ქონების მოთხოვნით სამინისტროს წელს ისევ მიმართა, რაზედაც პასუხი ამ დრომდე მიღებული არ არის. როგორც ცნობილია, შენობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლოს განთავსება იგეგმება.

 

(ყოფილი პროკურატურის შენობა ქუთაისში, სადგურის მოედანი #3-ში)

ამ დროისათვის მერია სამინისტროდან პასუხს ელოდება დავით აღმაშენებლის გამზირი#2 მინის ნაკვეთთან დაკავშირებით,  ასსაფეხურიან კიბეებთან, რომლის რეაბილიტაციის დაწყებას სწორედ ეს ფაქტი აფერხებს. 

ქალაქი პასუხს ელოდება ასევე #35 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის საკითხთან დაკავშირებით, ასევე პასუხის მოლოდინის რეჟიმში არიან ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობასთან დაკავშირებით.

მერიას ასევე უარი ეთქვა წმ. ნინოს ქუჩა №17, /რუსთაველის გამზირი №2, ცისფერყანწელების ქუჩა №1/  შენობის მეორე სართულის გადმოცემაზე, ასევე თაბუკაშვილის ქუჩა #22-ში, პირველი სართული, ასევე წერეთლის ქუჩა #27 მდებარე შენობის, რუსთაველის ქუჩაზე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებულ ობიექტებზე უარის თქმის პარალელურად ეკონომიკის სამინისტრო შედარებით დამთმობი აღმოჩნდა ქალაქის მეორე და მესამე ზონაში არსებული ქონების მიმართ: ქალაქს გადმოეცა ბუხაიძის ქუჩაზე არსებული ფართი, გუგუნავას ქუჩაზე #15-30 შენობის მიმდებარედ არსებული შენობა ნაგებობა, რუსთაველი-ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე მიწის ნაკვეთი, ასევე ფოთის ქ #18-ში  3300 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 

 გადმოცემული ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი აუქციონზე იყიდება, საიდანაც თანხა ქალაქის ბიუჯეტში შედის, ნაწილის კი ქალაქის საჭიროებებზე გამოყენება ხდება. 

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობების გადმოცემაზე სამინისტროს თავშეკავებულ პოლიტიკას ოპოზიცია აპროტესტებს. ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, არასწორია, რომ ქალაქი ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნისთანავე უსასყიდლოდ გადასცემს ქალაქის ცენტრში არსებულ ობიექტებს, მისთვის მნიშვნელოვან ქონებას კი წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდება.

"ეს არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, ქალაქ ქუთაისის მერიის უამრავი მოთხოვნა, ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო ობიექტების გადმოცემის შესახებ, იგნორირებულია ცენტრალური ხელისუფლების მიერ.  ეკონომიკის სამინისტრო რეაგირებას არ აკეთებს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ასსაფეხურიანი კიბეების პროექტი, რომლისთვისაც ბიუჯეტში უკვე მეორე წელია, დევს თანხა. ორი წელია ეს პროექტი ვერ ხორციელდება იმის გამო, რომ იქ მიწის მცირე ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია. სამაგიეროდ,  პირველსავე მოთხოვნისთანავე ქალაქი ეკონომიკის სამინისტროს  საუკეთესო ობიექტებს გადასცემს უსასყიდლოდ. მე მოვთხოვე ქუთაისის საკრებულოს,  უარი ვუთხრათ მიწების გადმოცემაზე, იმ დრომდე მაინც, ვიდრე არ გადმოგვცემენ ქალაქის განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს. სამწუხაროდ, მერიას და საკრებულოს ნება არ აღმოაჩნდა, რომ დაიცვას საკუთარი ქალაქის ინტერესები", - განუცხადა "ნიუპრესს" გიგა შუშანიამ.

პრობლემის შესახებ წინასაარჩევნო პერიოდში საუბრობდა გიორგი ჭიღვარიაც. როგორც მაშინდელი მერობის კანდიდატი აცხადებდა, ის მოახერხებდა ქალაქისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების ქალაქის ბალანსზე გადმოტანას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერი ამჟამად დუმილს ამჯობინებს. ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა