|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "რუსთაველის ხიდი" 51 წლისაა

რუსთაველის ხიდს 2016 წლის 7 ნოემბერს  51 წელი შეუსრულდა. მისი შექმნის  ისტორიის შესახებ „ნიუპრესს“ ქუთაისის საპატიო მოქალაქე ოთარ ჩიხლაძე ესაუბრა, რომელიც პროექტს ხელმძღვანელობდა.

"სამოციანი წლების დასაწყისში ქალაქში მოძრაობა გართულებული იყო, რის გამოც საჭირო გახდა ხიდის მშენებლობა. ქუთაისში საფიჩხია იყო ტრანსპორტის მიმღები და გამტარი. აქედან შემოდიოდნენ ავტომანქანები, რომლებიც  ბალახვანში,  დავით აღმაშენებლის ხიდის გავლით გადაადგილდებოდნენ.  ამ დროისათვის ქალაქში შემოვიდა ტროლეიბუსები, რომლებიც შემდეგი მარშრუტით მოძრაობდნენ, დადიოდნენ გრიშაშვილის ქუჩაზე, შემოუხვევდნენ პირველ სკოლასთან, შემდეგ ცენტრალურ მოედანზე, იქედან  გადიოდნენ გამარჯვების მოედანზე. ეს იყო ტროლეიბუისის პირველი მარშრუტი. მეორე მარშრუტი იყო მოედნიდან  ლიტოფონის  ქარხანამდე, იმის იქეთ ტროლეიბუსი ვეღარ მიდიოდა.

 ჩამოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ქალაქის ხელმძღვანელობას ხიდის მშენებლობა დაავალეს. ამ დროს მე ქალაქში მთავარი არქიტექტორის მოადგილედ ვმუშაობდი. რამდენიმე თვეში გადამიყვანეს ქალაქის მთავარ ინჟინრად და პროექტის ხელმძღვანელობა ჩამაბარეს. დავიწყეთ რუსთაველის ხიდის მშენებლობა. პროექტის განხორციელებაში  ახალგაზრდა ინჟინერი ჯემალ წულაძე ჩაერთო. მასში ასევე მონაწილეობდნენ სხვა პროფესიონალები. არქიტექტურულ გაფორმებას გივი თოდაძე უზრუნველყოფდა",-გვიამბობს ოთარ ჩიხლაძე.

ხიდის მშენებლობა 1962 წელს დაიწყო. მიუხედავად სხვადასხვა დაბრკოლებისა 1965 წლის 7 ნოემბერს დასრულდა.   ასეთი წესი იყო, ხიდი უნდა შემოწმებულიყო. ხიდის ქვეშ დააყენეს ოთარ ჩიხლაძე, ჯემალ წულაძე - იდეის ავტორი და ანდრო  აბრამიძე, როგორც მშენებელი. ხიდზე  გადაატარეს 200 სატვირთო ავტომობილი.  საინტერესო იყო ის, რომ ყველა მძღოლს თავზე "კასკები" დაახურეს, თუმცა ყველამ მოიხსნა ქუდები, ამბობდნენ,-„ ისეთი ადამიანების აშენებულია, არაფერი მოგვივაო“. ეს მშენებლებმა დიდ პატივად მიიღეს. "ხიდის აშენების შემდეგ დიდი მადლობა გადაგვიხადეს და გვითხრეს, რომ ეს საკმარისი არ არის და ახლა "გზაგამტარი ხიდის" მშენებლობა დაგვავალეს. აღსანიშნავია, რომ  1965 წელს რუსთაველის ხიდი, ხოლო 1966 წელს "გზაგამტარი ხიდი" ავაშენეთ. ბანკეტზე, დიდი მადლობა გადამიხადეს და საპატიო ნიშნის ორდერით დამაჯილდოვეს“,-იხსენებს საპატიო ქუთაისელი.

რუსთაველის ხიდს დღეს 51 წელი  შეუსრულდა, თუმცა ეს თარიღი ამ ხნის განმავლობაში არ აღნიშნულა, რაზეც თავად ოთარ ჩიხლაძე გულდაწყვეტილია: „მინდოდა 50 წლის საიუბილეო თარიღი მაინც აგვეღნიშნა, მაგრამ ვერ მოხერხდა“,-ამბობს ის.

 მისი თქმით, უახლოეს მომავალში "რუსთაველის ხიდი" ხიდების ენციკლოპედიაში შევა. ამბობს, რომ რუსთაველის ხიდი მისთვის არის დიდი განძი, ძეგლი და არა უბრალოდ ხიდი.

"რუსთაველის ხიდის" რეაბილიტაცია 2014 წელს განხორციელდა. 

 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა