|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

"ცხოვრებისეული" სპექტაკლი დაკითხვის ქვეშ

რამოდენიმე წლის წინ ცნობილ ქართველ მოღვაწეს ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ და თავი გაუტეხეს. მედიამ ამაზე ერთი ამბავი შექნა. ყველა ტელევიზიის მთავარი ნიუსი ეს ფაქტი გახდა. ლადარიამ მაშინ მწარედ აღნიშნა: რა ვუთხარი ისეთ ხალხს, რომელთაც ჩემი გატეხილი თავი უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის შიგ რა ყრიაო.

ახლადრესტავრირებულ მესხიშვილის თეატრში, პრემიერის დღეს წყალი ჩამოვიდა. ჟურნალისტებმა (ჩემი ჩათვლით) ეს ამბავი მთავარი განხილვის თემად აქცია. რის გამოც უფრო მნიშვნელოვან ამბად იქცა თეატრის გახვრეტილი ჭერი, ვიდრე ის, ამ თეატრში, თუ რა და როგორ იდგმება.

პრემიერის დღეს კი თეატრში მაყურებელმა ალექსანდრე ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“ იხილა. იგი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა (რეჟისორ გიორგი სიხარულიძის ჯგუფი) წარმოადგინეს. იგივე სექტაკლი დაახლოებით 150 წლის წინ დაიდგა მესხიშვილის თეატრში. იგი ერთ-ერთი პირველი სპექტაკლი გახლდათ, რაც ახლადდაარსებულმა თეატრალურმა დასმა მაშინ აჩვენა. ახალმა თაობამ კოლეგა წინაპრებს ამ სპექტაკლით პატივი მიაგეს და თეატრის წარსულის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

სტუდენტებმა თავიანთ სადიპლომო სპექტაკლში (რეჟისორი გიორგი სიხარულიძე) ყოფითი ისტორია აჩვენეს, როგორც მოგვიანებით ერთი მაყურებელი აღნიშნავდა „ცხოვრებისეული დრამა“ - „ცხოვრებისეული სპექტაკლი“ მხატვრულ განზომილებაში. თუმცა მხატვრულმა სივრცემ სათქმელი შიშველი დატოვა, არ გარდაქმნა ყოფითი სიმართლე. სპექტაკლი იტოვებს დაუნდობელ ყოფითობას, რომელიც  რომანებსაც და სასიყვარულო ისტორიებსაც სასტიკს აქცევს. ამ სისასტიკეს ეჯახებიან სპექტაკლის გმირები - მარტივ ყოფითობას, თავისი არამარტივი, დაუნდობელი შედეგებით. ამ შედეგებისთვის თვალის გასწორებას პერსონაჟთაგან მხოლოდ ერთი ახერხებს. სხვები შემოსავლიან ადგილს ეფარებიან და მისი იმედი აქვთ სასტიკი სინამდვილიდან თავის დაღწევაში.

აღნიშნულ სპექტაკლში თეატრი არ არის პატარა სამყარო, რომელიც დიდი სამყაროდან იცავს ადამაინს. აქ დიდი სამყარო, ანუ ცხოვრება ყველგან აღწევს, სცენიდან პარტერსა და ლოჟებში გადადის. ეს „ყველგანმყოფობა“ სპექტაკლში განათებით მიიღწევა. განათება არ ინდობს მაყურებელს, თვალებში აშუქებს, თითქოს სულში უძვრება და იქ არსებული რწმენა-წარმოდგენების რევიზიას ახდენს. განათება ცალკე პერსონაჟი ხდება და თითოეულ სპექტაკლის თითოეულ გმირს ინდივიდუალური დაკვირვების ქვეშ აქცევს.

ჩაკეტილ სივრცეს სცენაზე წარმოდგენილი სარკეები ხსნიან, თუმცა ეს გახსნილობაც მატყუარაა, სარკეები ფორმებსა და სახეებს დეფორმირებულად ასახავს. სინამდვილე ასეთია - მას მართალია სინამდვილე ქვია, თუმცა მატყუარა შეიძლება იყოს. სინამდვილის ამ ტყუილის მსხვერპლნი ხდებიან პერსონაჟები, რომლებიც ცხოვრებას თითქოსდა იცნობდნენ. სინამდვილემ მათ მახე დაუგო.

სცენაზე წარმოდგენილი დეკორაცია (მხატვარი თეო კუხიანიძე), რეკვიზიტები, სკამები, მაგიდა გარემოს დაკითხვის ადგილს ამგვანებს, ეს თითქოს სინამდვილე, თავისი ყოფითი კანონებით, უწყობს ყველას გამოძიებას. სკამებზე მიმაგრებული ნათურები ყველა პერსონაჟის სახეს ლოკალიურად ანათებს. ამით თითქოს ახლო ხედის, კინოს ეფექტს ქმნის. მსახიობი მიმიკას ვერ დაფარავს, ის გარკვევით გამოჩნდება და ცხადი გახდება მისი თამაშის სიყალბე და ნამდვილობა. მსახიობები, სტუდენტები გრძნობენ ამ დაკვირვებულობას და ცდილობენ ნამდვილნი იყვნენ, სიყალბე არ გაეპაროთ. ნაწილს ეს მართლაც გამოსდის.

სპექტაკლი ერთმოქმედებიანია და საათი და 45 წუთი გრძელდება, თუმცა ერთი მოქმედებისთვის საკმაოდ გრძელი დრო მაყურებლისთვის შემაწუხებელი და დამღლელი არ ხდება. სტუდენტების მიერ გათამაშებული ყოფითი დრამა მათ ინტერესს არ ასუსტებს, პირიქით, პუბლიკას კმაყოფილს ტოვებს, რომ სამართლიანობამ იზეიმა, მორალურმა პრინციპებმა გაიმარჯვეს. ფინალი სპექტაკლს მორალისტურს აქცევს. ცოტა დიდაქტიკურსაც, თუმცა ალბათ მაინც ჯობია მორალი თეატრმა წაიკითხოს, ვიდრე საეჭვო წარსულისა და აწმყოს მქონე ერისა და ბერის წარმომადგენლებმა სწორხაზოვანი ქადაგებებით.

თეატრი პირობითი ხელოვნებაა, მეტაფორაა. მეტაფორა კი თავისუფლებას იძლევა. გიცავს მომაკვდინებელი სწორხაზოვნებისგან. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი