1-ელი ივლისიდან Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს ევროპის 6 მიმართულებით შეასრულებს
1-ელი ივლისიდან დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს 6 მიმართულებით: მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზის არსებობა დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის და ეკონომიკის, როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ინვესტირებას და სტიმულირებას უწყობს ხელს.
"პანდემიის გამო ავიაკომპანიას მოუხდა ბორტების გადაყვანა მთავარ ბაზაზე ბუდაპეშტში, მაგრამ ახლა უკვე, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში ბაზის დაბრუნების შესაძლებლობა გაჩნდა. რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნიშნავს იმას, რომ ბაზაზე არის მიბმული საქართველოს მოქალაქეების დასაქმება ადგილზე. როგორც იცით, ბაზირებულ რეისებზე ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებით არის დაკომპლექტებული. დღეისათვის მათი უმეტესობა დისლოცირებულია საზღვარგარეთ. ისინი შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას და აქედან თავიანთი საქმიანობის გაგრძელებას. შესაბამისად ქუთაისისთვის და ზოგადად, იმერეთის რეგიონისთვის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით Wizz Air-ის ბაზის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.
ავტორი: ნიუპრესი