|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 წლის ქუთაისელი გამომგონებელი "ნასაში" მიემგზავრება

ქუთაისელი  იონა იობიძე ორი  საერთაშორისო კონკურსის  გამარჯვებულია. მეცხრე კლასის მოსწავლე მეგობრებთან ერთად „ლეონარდო და ვინჩის“ და „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსებში მონაწილეობდა და პირველი ადგილიც დაიკავა. 15 წლის იონა ქართულ-ამერიკული  საერთაშორისო სკოლა "პროგერსის" მოსწავლეა. მის წარმატებებს „პროგრესში“  არსებულ შესაძლებლობებს უკავშირებს.თვლის, რომ გამარჯვება მისთვის კარგი მოტივაცია და  ახალ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობაცაა.

"პროგრესში“  პირველი კლასიდან ვსწავლობ და  მეცხრე კლასში ვარ. „პროგრესში“ სამი წელია "სტემის" აკადემია ( მათემატიკა, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმდინარეობს, რამაც იდების განვითარების შესაძლებლობა მომცა.

შარშან  მე და გიორგი ურატიძემ „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში გავიმარჯვეთ, შევქმენით "მანძილის მზომი რობოტი". წელს "მილენიუმის" კონკურსი იყო,  რაც უფრო დიდი მიღწევაა.  შევქმენით "ბარნის სმარტ ლაბირინთი",  რომელიც  დიდი პროექტია. როდესაც წამალს  იგონებენ, აუცილებელია, თაგვზე გამოცადონ მეხსიერებას უქვეითებს თუ არა წამალი.  ტრაექტორიებს და დროს ხელით ინიშნავენ, ეს დამღლელია ბიოლოგებისთვის. ჩვენი "ბარნის ლაბირინთი" ავტომატურ რეჟიმში იწერს და პრინტერზე ბეჭდავს, რაც  დიდი ინოვაცია და  შრომის დაზოგვაა. ჩვენი მენტორია დავით სონღულაშვილი, მასწავლებელი უტა კილასონია,  პროექტზე მე,  გიორგი გიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, სოფიო ჩიხლაძე და მარიამ გამრეკელაშვილი ვმუშაობდით"-განაცხადა იონა იობიძემ.

პატარა გამომგონებლებს  გამოცდილი მენტორი დავით სონღულაშვილი და პედაგოგი უტა კილასონია ეხმარებოდნენ. მათი თანადგომით ბავშვების იდეა რეალობად იქცა.

გუნდის წევრები შარშან "ლეონარდი და ვინჩის" კონკურსზე მენტორის დახმარებით გაიცნო. ახალგაზრდები საერთო ინტერესმა დაახლოვა და იდეაც ერთად გაუჩნდათ. პროექტზე ერთი წელი მუშაობდნენ, ხშირად უხდებოდა თბილისში ჩასვლა, შედეგმაც არ დააყოვნა. გამოგონებამ მოწონება დაიმსახურა და დაფინანსებაც მიიღეს. ახლა პროექტის განვითარებაზე მუშაობენ, რომ დაიხვეწოს და ბაზარზეც გავიდეს.

 მთავარი მოტივაციია მაინც ის ჯილდოა, რაც ამერიკაში გამგზავრებას გულისხმობს.  რამდენიმე თვეში "ნასა"-ში გაემგზავრებიან და იმ ერთთვიან კურსს გაივლიან,  რასაც  კოსმონავტები გადიან. ამბობს, რომ მათთვის  დიდი გამოცდილება იქნება.

 იონა იობიძე "ნასა"-ში შარშანაც უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ასაკის გამო შეზღდვა ქონდა და გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეების ნაცვლად ამერიკაში მესამე ადგილზე გასული გუნდი წავიდა. 

წარმატებულ მოსწავლეს პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა ამ ეტაპზე აქცენტს მედიცინაზე აკეთებს.  თვლის,  რომ პოპულარული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. რომელიმე საგანი გამორჩეულად არ უყვარს, განსაკუთრებულ ინტერესი ტექნიკური საგნების მიმართ აქვს.

იონა იობიძე კონკურენტების იდეებსაც გაეცნო, განსაკუთრებით მესამე ადგილზე გასული პროექტი მოეწონა, რაც დისტანციურად დიაგნოსტიკას გულისხმობს.

ახალგაზრდა გამომგონებელი უკვე მუშაობს ახალ იდეებზე, თუმცა ჯერ არ ახმოვანებს. ახლა მთავარი ამერიკაში წასვლა და გამოცდილებაა, რაც არსებული იდეები განვითარების შესალებლობაა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი