19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დარღვევა დაადგინა
ევროპულმა სასამართლომ პოლიციელი ყოფილი ქმრის მიერ 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე დარღვევა დაადგინა, ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
სალომე ჯორბენაძე 2014 წლის 25 ივლისს ზესტაფონში მისმა ყოფილმა ქმარმა, ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა, სერგი საცერაძემ სამსახურებრივი საშტატო იარაღით მოკლა.
მკვლელობამდე სალომე მიმართავდა ზესტაფონის პოლიციას, პროკურატურას და შსს-ს გენერალურ ინსპექციას და მოძალადისგან დაცვას ითხოვდა. მიუხედავად ამისა, მოძალადის შესაჩერებლად კანონით გათვალისწინებული ზომები არ გატარდა.
ორგანიზაციის ცნობით, ევროპულმა სასამართლომ საქმეზე სიცოცხლის უფლების (ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი) და დისკრიმინაციისგან დაცვის (ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი) უფლების დარღვევა დაადგინა.
ამ საქმეს საია ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) თანამშრომლობით აწარმოებდა.
გარდაცვლილის მშობლების განცხადებით, პოლიციას სათანადი რეაგირება რომ ქონოდა, მათი შვილი ცოცხალი იქნებოდა.
ავტორი: ნიუპრესი