|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელი-შესრულებული და შეუსრულებელი პროექტები

 არჩევნების ორი ტური, ახალი მოწვევის პარლამენტი, რეორგანიზაციები, დაპირებები და მოლოდინები, როგორი იყო 2016 წელი ქვეყნისთვის და კონკრეტულად ქუთაისისთვის? პოზიცია და ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, ჩვეულებრივი მოქალაქეები  გასულ წელს აფასებენ, "ნიუპრესმა" მათთან ერთად განვლილი წელი გაიხსენა და შეაჯამა. 

2016 წელს ქუთაისში არც თუ ბევრი პროექტი განხორციელდა. წლის დასაწყისში თვითმმართველობის ააიპებში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რაც ნაწილში დასრულდა, ნაწილში შეჩერდა. თუმცა შეჩერებული რეორგანიზაცია მომავალ წელს გაგრძელდება. ქუთაისის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, ააიპებში რეორგანიზაცია, ძირითადად, ადმინისტრაციებს შეეხება. ამით  მერია ადმინისტრაციული ხარჯების 10 %–ით შემცირებას ცდილობს.

2016 წელს ქალაქმა სტრატეგიული განვითარების გეგმა დაამტკიცა. გასულ წელს დაწყებული პროექტი, რომელიც ბიუჯეტს 100 000 ლარი დაუჯდა, წელს ნაწილობრივ დასრულდა და ქუთაისის სტრატეგიული განვითარების საშუალო ვადიანი გეგმა „2021“ აქვს. ამ მხრივ ქუთაისის გამორჩეული და პირველია სხვა ქალაქებთან შედარებით. როგორც თვითმმართველობაში ამტკიცებენ, სტრატეგიული გეგმა ყველა სფეროს მოიცავს და ქალაქის განვითარებაზეა გათვლილი.

მიმდინარე წელი ხმაურიანი იყო საკრებულოსათვის. უმრავლესობაში მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, ოპონირებას უმრავლესობის ყოფილი წევრი „რესპუბლიკელი“ ნატო ქათამაძე უწევდა, რომელმაც საკრებულოში საქმიანობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელა. საკრებულოში ხმაურით შეიქმნა დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც წინა წლებში გაიჯარებული ტერიტორიების კანონიერება უნდა შეესწავლა. სამუშაო ვადების ბოლოს აღმოჩნდა, რომ შვიდკაციანი ჯგუფი საქმიანობას მხოლოდ რამდენიმე წევრით ასრულებს. ვიდრე დროებითი სამუშაო ჯგუფი წინა მთავრობის ქმედებების კანონიერებას სწავლობდა, უკანონობაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ლატარია დაადანაშაულეს. ნატო ქათამაძის მტკიცებით, უკანონოდ მშენებარე კაფე „არგოს“ უკან, სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინტერესები იკვეთება.

2016 წელს აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა, დაიგო რამდენიმე ათეული  გზა, მოეწყო კორპუსები, მოწესრიგდა შიდა ეზოები. მთავარი ინფრასტრუქტურული პროექტი ნიკეას ქუჩის ცენტრალური გზის სრული მოწყობა გახდა. 7 მილიონად რეაბილიტირებული ქუჩა ოპოზიციის აღნიშვნის მიზეზიც გახდა.

„წელს განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი ნიკეას ქუჩას, რომელიც სრულად მოწესრიგდა. რაც შეეხება, ზოგადად, ტემპს, ტემპი უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო. მოუწესრიგებელი დარჩა გაზონები, მწვანე საფარი, სკვერები, დაზიანებული გზები, რაც, როგორც ჩანს, არ აწუხებს მერიას.  ბიუჯეტი, ძირითადად, არ არის ორიენტირებული ქუთაისის განვითარებაზე და ქალაქი დინებას მიყვება, ამიტომ 2016 წელს, როგორც წარმატებულ წელს, ვერ შევაფასებ“-განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამირან ძოწენიძემ.

მწვავე შეფასებით გამოირჩევა საკრებულოს „ლეიბორისტი“ დეპუტატი სამსონ გუგავა.

„რეალურად არაფერი მნიშვნელოვანი გაკეთებულა. ვერ ვითარდება ქალაქი, ამიტომ 2016 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც წარუმატებელი, რადგან წლის ბოლოს არჩევნებისათვის გახარჯული თანხებით გამოწვეულმა პრობლემებმა ერთად იჩინა თავი. მომავალი წლის ბიუჯეტის კონტექსტიც არის იგივე, რაც იყო 2016 წლის და თუ მერია მიდგომებს არ შეიცვლის, უარესი კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით“-განაცხადა სამსონ გუგავამ.

მათგან განსხვავებით საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი 2016 წელს პოზიტიურ წლად აცხადებს.

„შეგვიძლია 2016 წელს პოზიტიური წელი ვუწოდოთ.  ბევრი პროექტი ხორციელდება, როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური მთავრობისა და კერძო ბიზნესმენების მიერ, რაც ქუთაისის მნიშვნელობას ზრდის. ასევე იზრდება ტურისტული თვალსაზრისით - ტურისტული ცენტრისათვის შენობის შეძენა იყო წარმატებული პროექტი, რომელიც აისახება ქალაქის განვითარებაზე“-განაცხადა  დავით დვალმა.

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დაწყებას და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას თვლის ნომერ პირველ პროექტებად ქალაქის მერი. შოთა მურღულიას განცხადებით, მერიამ აქცენტი პიარის მხრივ არამომგებიან, თუმცა აუცილებელ პროექტებზე აიღო.

„შეიძლება ჩვენს მიერ დაწყებული სამუშაოები არაა მომგებიანი პიარის მხრივ, მაგრამ მნიშვნელოვანია.  წელს დაწყებული პროექტებიდან გამოვყოფდი წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციების გაკეთებას. მაშინ, როდესაც წყალი არ აქვს ადამიანებს, არ შეიძლება მხოლოდ  სახლების მშენებლობაზე ვიფიქროთ, თორემ ამ ფასად ცათამბჯენებს ავაწყობდით. ინფრასტრუქტურული პროექტებიდან წარმატებულია ნიკეას ქუჩის მოწყობა“--განაცხადა შოთა მურღულიამ.

მიმდინარე წელს დაანონსდა პარლამენტის მიმდებარედ მინი ქალაქის,  ახალი სპორტის სასახლისა და რაგბის მოედნის მოწყობა, თუმცა ამ დროისთვის არცერთ მათგანზე სამუშაოები არ დაწყებულა. სამუშაოები არ დაწყებულა ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც წინასაარჩევნოდ საზეიმოდ გაიხსნა მოქმედი ხელისუფლებისა და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ. მოგვიანებით, გაჟღერდა,  რომ პროექტში ცვლილებები შევიდა, თუმცა ოპოზიციაში თვლიან, რომ პროექტი საერთოდაც არ არსებობდა და რომ ის წინასაარჩევნო ილუზია იყო.

2016 წელი გამორჩეული იყო საპარლამენტო არჩევნებით და ახალი სამაჟორიტარო ოლქებით, მეცხრე მოწვევის პარლემნეტის არჩევა მხოლოდ მეორე ტურით გახდა შესაძლებელი. ქუთისის  სამივე ოლქში, ისევე როგორც თითქმის ყველგან არჩევნები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოიგეს და საკონსტიტუციო უმრავლესობაც მოიპოვეს. პარლამენტში მხოლოდ სამი პარტია მოხვდა. პარლამენტი ამ დროისთვის ქუთაისში მუშაობს, თუ დეპუტატების ფიცს დავუჯერებთ, მისი  გადატანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

 წელს მეტნაკლებად აქტიურობდა არასამთავრობო სექტორი, არასამთავრობოების მიერ რამდენიმე აქცია გაიმართა და გაპროტესტდა მერიის ქმედებები.

„ჩვენ ვხედავთ დაწყებულ და დაუმთავრებელი ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ჩვენ ვხედავდით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ქართული ოცნების მომხრეთა რაოდენობის ზრდას,მხოლოდ ერთი მიზნით-რომ უზრუნველყოთ მმართველი პარტიის წარმატება საპარლამენტო არჩევნებზე. ჩვენ ვხედავთ საბიუჯეტო თანხების არაფექტურ ხარჯვას და დიდი ალბათობით მათ კორუფციულ ინტერესებს. ჩვენ ვხედავთ ინვესტიციების ნაკლებობას ქუთაისში და მოსახლეობის მასიურ მიგრაციას ქალაქიდან, ყოველივე ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ დამშეულ ქალაქს ,მაგრამ ვხედავთ მერის მიერ გადახდილ 138 000 ლარს რესტორნებში,როდესაც ამ სტუმრიანობამ არავითარი ეფექტი ინვესტიციების კუთხით ვერ მოუტანა. არაფერს ვამბობ მერის პიარისთვის გადაყრილ 83 000 ლარზე რომლის გამოც მერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო.სამწუხაროდ, ყოველივე ამ თავგასულობებს არ პასუხობს ქუთაისის საკრებულო ,რომელიც პირდაპირ ეწვა მერის ყველა სურვილის დაკმაყოფილებას ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური ოპოზიციის სიუსტეს,რომ წინ აღუდგეს მერის ამ თავგასულობას,რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე,რომ ადგილობრივი პოლიტიკური ელიტაც გამოწვევებს ვერ პასუხობს და ფაქტიურად, არც არსებობს. ამიტომ, ყოველივე ამის ფონზე და ჩათვთვალოთ, რომ ქუთაისს არც მერი ჰყავს და არც არჩეული დეპუტატები“,-აცხადებს გია გოქაძე.

2016 წელი გამორჩეული იყო კულტურის მხრივ. დაგეგმილ და ტრადიციულ ღონისძიებებთან ერთად, რამდენიმე ახალი კონცერტი მოეწყო. პრემიერები წარადგინა მესხიშვილის თეატრმა. თეატრი „ცისფერყანწელთა“ საიუბილეო წელსაც გამოეხმაურა და სპექტაკლი „ბულბულის ნისკარტი“ წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი წლიდან თეატრების დაფინანსება კულტურის სამინისტროსგან მოხდება და მათზე ზუნვა ადგილობრივ ბიუჯეტს აღარ მოუხდება.

თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ 2016 წელს მთავარი კულტურული მოვლენა საოპერო მომღერლის ხოსე კარერასის კონცერტი, იყო, რომელიც ცენტრალურ მოედანზე ღია ცის ქვეშ პროექტის  Сheck-in Georgia  ფარგლებში მოეწყო.

თეატრების მსგავსად ქალაქის ბიუჯეტი „ ტორპედოს“ არ დააფინასებს. კლუბმა 2016 წელი ინვესტორისა და პრეზიდენტის გარეშე დავით ყიფიანის თასით დაასრულა.

არც თუ სახარბიელო აღმოჩნდა 2016 წელი ეროვნული ვალურისათვის, რაც ყველაზე მტკივნეულად რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაზე აისახა.   წლის  ბოლოს დაწყებული ლარის გაუფასურება, სავარაუდოდ, მომავალ წელსაც გაგრძელდება. მის შეჩერებას მმართველი გუნდი სხვადასხვა პროექტებით ცდილობს, რაც ოპოზიციის შეფასებით, უკუეფექტს იძლევა.

გაუსაფურება გახდა დაანონსებული რეორგანიზაცის და ხელფასების შემცირების მიზეზი. შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯებით დამტკიცდა 2017 წლის ბიუჯეტი. მის განხილვასა და დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიუღია საკრებულოს ოპოზიციას.  ბიუჯეტმა 51 572 800   მილიონი შეადგინა, რაც ძირითად პრიორიტეტებზე განაწილდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი