|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და შეუსრულებელი დაპირებები

2021 წლის  თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. პარტიებს შორის დაძაბულობამ იმატა, ხელისუფლებამ კი შეჩერებული პროექტების დასასრულებლად ორმაგი ძალისხმევა გამოიყენა. 

არჩევნების მთავარი პრობლემა არაერთხელ გამხდარა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება  და არათანაბარი ბრძოლა, რაზეც აქტიურად საუბრობენ. ხშირად მმართველ ძალას საბიუჯეტო თანხებით განხორციელებული პროექტების საკუთარი პიარისათვის გამოყენებაში ადანაშაულებენ და ასევე - საარჩევნოდ დაპირებულ პროექტებზე, რომელიც ამ დრომდე არ დაწყებულა. 

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა და შემოგვთავაზა იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. 

წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა. კერძოდ, საუბარია, ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც  2018 წელს უნდა დაწყებულიყო. პროექტი ითვალისწინებდა 70-მდე სახლის რეკონსტრუქციას რიონის ორივე სანაპიროზე, ჯაჭვის, რუსთაველისა და წითელი ხიდების მიმდებარედ. 

პროექტი 2-3 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და იგი 6 მილიონ ლარამდე დაჯდებოდა, თუმცა იდეა იდეად დარჩა. ასევე, იყო დაპირებები ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის აშენებაზე, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობაზე. ეს პროექტები არ შესრულდა.

„ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით თავი მოვუყარეთ იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ ტენდენციურად წარმოაჩინა ქუთაისში დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესი და ცალმხრივი, დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა. მათი განცხადებით, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის იდეა კერძო ინვესტორს ეკუთვნოდა, რომელმაც პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა.

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი ახალი რკინიგზის სადგურის ნაცვლად კი,  აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სადგური გარემონტდა. მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო დავა მფგ - სა და შემსრულებელ კომპანიას შორის, რომელმაც პროექტის ეტაპობრივად წარმოდგენის ვადები დაარღვია“,- აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

(ფოტოზე: „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე გია გოქაძე)

არჩევნებში მთავრობის მიერ არათანაბარ ბრძოლაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარე გია გოქაძე. ის ადგილობრივ თვითმმართველობას საბიუჯეტო თანხებით განხორციელებული პროექტების საკუთარი პიარისათვის გამოყენებაში ადანაშაულებს. 

„რატომღაც არჩევნების სამზადისის დროს ხდება გაჭიანურებულ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ამით მმართველი პარტია პიარკამპანიას ატარებს. ამ პროექტებით ძალიან კარგად ჩანს ადგილობრივი თვითმმართველობის სრული უუნარობა და არაკომპეტენტურობა. ყველას კარგად ახსოვს მურღულიას მერობის დროს ზეიმით გახსნილი თამარ მეფის ქუჩა და ქალაქის მაცხოვრებლები კარგად ხედავენ, რომ ყოველწლიურად ხდება ამ ქუჩის ხელახალი რეაბილიტირება. საქმე გვაქვს ძალიან სუსტ მერთან, რომელიც ისევ ჩართულია მერის არჩევნებში და უუნარო საკრებულოსთან, რომელიც ვერ ახორციელებს იმ მოვალეობას, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანული კანონით არის გაწერილი. 

დღეს და ხვალაც ყველაფერი დამოკიდებული იქნება ქალაქის მოსახლეობაზე, როგორ მერსაც და საკრებულოსაც აირჩევენ, ისეთივე მომსახურებას უნდა ელოდონ 4 წლის განმავლობაში. ის, რომ საარჩევნოდ დაასრულებენ გაჭიანურებულ პროექტებს, არ გვიჩენს იმის განცდას, რომ არჩევნების მეორე დღეს ისევ არ მიადგებიან ამ ქუჩებს და ხელახლა არ გადაჩიჩქნიან გზებს. როგორც ეს ხდება ახლა, თამარ მეფის ქუჩის შემთხვევაში“, – განაცხადა გოქაძემ. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, წელსაც ქუთაისის ბიუჯეტიდან დიდი წილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დახარჯა. მთავარი აქცენტები ახლაც გზებზე, პროგრამა „კორპუსზე“ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროგრამებზე მოდის, რომელთა დასრულების ვადები წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა.





ავტორი: ანა ლიპარიშვილი