2022 წელს მერის სტიპენდიანტების რაოდენობა გაიზრდება
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ.
შეხვედრას ვიცე - მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,დღეს ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შევხვდით, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიით აჯილდოებს. ეს არის მათი შრომის დაფასება და ჩვენი მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ, შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას მოახმარონ,"-განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერიის სტიპენდიატების პროგრამაში სიახლეა - 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიანტების რაოდენობა გაიზრდება. თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი.
ავტორი: ნიუპრესი