2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული იყო - ირაკლი ქარქაშაძე
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საქართველოში არსებული აეროპორტებიდან ერთადერთია, რომლისთვისაც 2023 წელი მგზავრთნაკადის კუთხით, რეკორდული აღმოჩნდა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ერთადერთია, რომელმაც პანდემიამდელ პერიოდს გადააჭარბა და მგზავრთნაკადი გააორმაგა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის შეფასებით, 2023 წელი ქართული სამოქალაქო ავიაციისთვის ისტორიული იყო, თუმცა კიდევ უფრო გამორჩეული იყო 2023 წელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის.
,,2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 6 მილიონს მიაღწია. პანდემიამდელი მგზავრთნაკადი აღდგა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იყო ის გამონაკლისი გასულ წელს, სადაც მგზავრთა რაოდენობა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაორმაგდა.
2023 წელს, არსებობის მანძილზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გასულ წელს ჩვენ უკვე ვუმასპინძლეთ ქუთაისში მილიონ 700 მდე მგზავრს. რაც იმის საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ 2024 წელი ქუთაისის აეროპორტისთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და საკუთარ რეკორდს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ,’’- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განმარტებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სიდიდით მეორე აეროპორტია, სადაც ევროპასთან ყველაზე მეტი პირდაპირი ფრენა ხორციელდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ავიაკომპანია ოპერირებს. რეისები 20 ქვეყნის 39 მიმართულებით სრულდება.
ავტორი: ნიუპრესი