|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

3 მილიონი შვეიცარიული ფრანკი თაღლითურად დაუფლების საქმეზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 4 წევრი დააკავა, - განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, თაღლითური ჯგუფის წევრები შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს დაეუფლნენ.  

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 6 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა", - აცხადებს პროკურატურა.

დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ავტორი: ნიუპრესი