ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

30 ივლისი, 2024 • ნიუპრესი • 11

ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

„მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული“ – ასეთი იყო წლევანდელი კონკურსის თემა, რამაც საქართველოში მცხოვრები ასობით ახალგაზრდა დააინტერესა.

ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ საქართველოს უნივერსიტეტში წელს მეათეჯერ გაიმართა. „მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული“ – ასეთი იყო წლევანდელი კონკურსის თემა, რამაც საქართველოში მცხოვრები ასობით ახალგაზრდა დააინტერესა. მათ შორის, კომპეტენტურმა ჟიურიმ წელსაც გამოავლინა განსაკუთრებული წერითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები და სტუდენტები. საქართველოს უნივერსიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მათთვის, საწყის ეტაპზე ლიტერატურული კონკურსის – „ფოლიოს“ სახით იმ შესაძლებლობის მიცემას, რაც დაეხმარება მათ გამოსცადონ თავიანთი უნარები, შეიქმნან პორთფოლიო, მოიპოვონ აღიარება და გზა გაიკაფონ მწერლობის კარიერაში.

“ფოლიოს კონკურსი არის შესანიშნავი შესაძლებლობა ყველა იმ ახალგაზრდისთვის ვინც წერს, ან ახლა იწყებს წერას და ამ გზით სურს საკუთარი თავის პოვნა. ჩემთვის წლევანდელი სათაური “მერცხალი რომ კიდეც მოჰკლა, მაინც მოვა გაზაფხული იყო ინსპირაცია მიმეღო მონაწილეობა და გადმომეცა ჩემი ბავშვობის ემოციები. მართალია გამარჯვებას არ მოველოდი, მაგრამ სასიამოვნოდ გაოცებული და მადლიერი ვარ ჯერ კონკურსის არსებობით და მერე გამარჯვებით” გვიზიარებს გვანცა ფიფია, ლიტარტურული კონკურსის „ფოლიო- 2024” გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის ჟიური ცნობილი მწერლებისგან და ლიტერატურათმცოდნეებისგან შედგება, როგორებიცაა დავით დეფი, ლევან ბერძენიშვილი, მიხეილ ანთაძე, ზაალ სამადაშვილი და სხვები, რომლებიც არა მხოლოდ რჩეულ ნაწარმოებებს ასახელებენ, არამედ ინდივიდუალურ შეფასებასა და რჩევებს სთავაზობენ კონკურსის მონაწილეებს.

საქართველოს უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის საფუძველი 2014 წელს ჩაიყარა და მასში მონაწილეთა რიცხვი წლიდან-წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. 10 წლის თავზე, უნივერსიტეტი ჟიურის მიერ რჩეული ნაწარმოებების კრებულის გამოცემას გეგმავს, სადაც მკითხველი ლევან აფთარაულის, გურამ მგელაძის, გვანცა ფიფიას, ნინო კიკვაძის, თამარ გაბედავასა და სხვა კონკურსანტების გამორჩეულ ნაწარმოებებს გაეცნობა.

თეგები: რეკლამა