შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. ამის ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უწყება თავად მოახდენს სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, მასალებს სასამართლოში გადააგზავნის.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიულ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგის მომზადებას, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში, თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.