May 23, 2026

დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი შეაგროვეს

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა ლაივ მარათონში უკვე ნახევარი მილიონი ლარი შეაგროვეს – მარათონი კვლავ გრძელდება. „შეგროვდა 500000 ლარი! შეგახსენებთ, რომ “დაიცავი ილიაუნი” ლაივ სტრიმის მეშვეობით აგროვებს თანხას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის(სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები…). ქართველმა ხალხმა უკვე შეძლო შუეძლებელი და თავდაპირველი გეგმა- ასი ათასი გაახუთმაგა. ჩვენი ლაივი არ შეწყდება, მანამ სანამ თქვენი დონაციები გაგრძელდება. ძალა ერთობაშია, ჩვენ არ გავჩერდებით!”, – აცხადებს „დაიცავი ილიაუნი“. შეგახსენებთ, 19 მაისს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტების შესაძენი ფული გადასახადების გადამხდელთა მიერ ბიუჯეტში შეტანილი თანხიდან უნდა გამოიყოს და მთავრობა პასუხისმგებელია, ხალხის ფული რაციონალურად დაიხარჯოს. „თანხა, რომელზეც არის საუბარი, ეს იქნება 50 მილიონი თუ 60 მილიონი, ეს არაა ის თანხა, რომელსაც ჩვენ პერსონალური ჯიბიდან გავცემთ. ეს არის გადასახადის გადამხდელთა თანხების ერთობლიობა, ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც შეიძლება ჩვენ შეგვაკავოს, როდესაც საუბარია თანხების პრაგმატულ ხარჯვაზე, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, გადასახადის გადამხდელების მიმართ. ჩვენთვის ყველაზე მარტივი იქნებოდა, აგვეღო ეს 50 მლნ და დაგვეხარჯა. ეს იქნებოდა პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი გამოსავალი ჩვენთვის, მაგრამ მეორე მხარეს დგას პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ იმის გამო, რომ მთავრობამ რაციონალურად უნდა დახარჯოს ის თანხები, რომლებიც მობილიზებულია ბიუჯეტში ხალხის შენატანების საფუძველზე“, – თქვა კობახიძემ.