ხარაგაულში, სადაც მილიონ ლარად ახლადრეაბილიტირებული სკვერი ჩაინგრა და ბავშვი ჩავარდა, აცხადებენ, რომ „პრობლემას მოაგვარებენ“. ბავშვი, საბედნიეროდ, გადარჩა, ის იქ მყოფმა ადამიანებმა მდინარის ნაპირიდან მაშინვე ამოიყვანეს. „ჩემი ხარაგაულის“ ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ ხარაგაულში, კინოთეატრის მიმდებარად, სკვერის მიწა ჩამოშალა. მიწის ჩამოშლის დროს სკვერში მდგომი არასრულწლოვანი ჩავარდა. იქვე მყოფი ადამიანების დახმარებით ბავშვი მდინარის ნაპირიდან მაშინვე ამოიყვანეს. ფაქტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამით „პოლიტიკურ ქულებს“ ვერავინ დაიწერს და პრობლემას მოაგვარებენ. მერის მოადგილის თქმით, ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ სკვერის უკიდურეს წერტილში, სადაც კინოთეატრს მდინარე ესაზღვრება, მიწა გამორეცხა და ჩამოშალა. მისივე თქმით, სკვერის ძირითადი კონსტრუქცია და დამცავი კედელი დაზიანებული არ არის. „ეს ფაქტი ნამდვილად არ არის სასიამოვნო და ნურავინ ეცდება, ამით პოლიტიკური ქულების დაწერას, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ამ პრობლემას მოვაგვარებთ“. მომხდარის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ეს „სისტემური დაუდევრობის“ შედეგია და ადამიანების უსაფრთხოება ფორმალურად და ისიც მხოლოდ ქაღალდზეა: „გუშინ კინოთეატრთან მომხდარი ფაქტი აღარ შეიძლება უბედურ შემთხვევად ჩაითვალოს. ეს არის შედეგი სისტემური დაუდევრობის, სადაც ადამიანების უსაფრთხოება ფორმალურად და ისიც მხოლოდ ქაღალდზეა. 2025 წლის აპრილში დაუმთავრებელი და სიცოცხლისთვის საშიში სკვერი, რომლის ღირებულება მილიონ ლარამდეა, გუშინ ჩამოიშალა. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ არის. ნანგრევებში ჩავარდნილი ბავშვი გაბედული ადამიანების დამსახურებით სასწაულად გადაურჩა ადიდებულ მდინარე ჩხერიმელას. პროექტი, რომლითაც თავს იწონებდა მერია, დაუმთავრებელია, რაც ვიდეოზე კარგად ჩანს. რა მოხდებოდა კედელი ბოლომდე რომ ჩაესხათ? რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას არავინ აიღებს, ეს ხომ ,,წყალდიდობის” ბრალია. თუ გახსენდებათ ვინმეს, მერია პასუხს აგებდეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების უხარისხობაზე რომელსაც დიდი ზარზეიმით ხსნის და ორ-სამ თვეში ინგრევა. აღნიშნულ ფაქტზე ხმას არავინ იღებს, მერე რა, რომ დაინგრა, მერე რა რომ ბავშვი ჩაიყოლა, მერე რა ადგილობრივი მედია დუმს, მერე რა, რომ მილიონი ლარი დაიხარჯა, მერე რა, რომ ,,ღირსეულნი” დუმილს არჩევენ, მერე რა, რომ ბავშვის მშობლები ჩუმად არიან. როცა ასეთი ამბის შემდეგ ხმა არ ისმის საზოგადოებაში, კიდევ უფრო ღრმავდება უნდობლობა, ეს აღარ არის ერთი სკვერის პრობლემა, ეს არის სისტემა, სადაც პასუხისმგებლობა იკარგება, ხმები ჩუმდება და შედეგს ყველაზე დაუცველები იხდიან”, – დაწერა სოციალურ ქსელში ავალიშვილმა.
May 27, 2026
„პრობლემას მოვაგვარებთ“ – რას ამბობენ ხარაგაულში ჩავარდნილ სკვერსა და სასწაულებრივად გადარჩენილ ბავშვზე